კომპანია „პოლიმერ ჯგუფი“, რომელიც ბაზარზე “ბიოტოპის” ბრენდითაა წარმოდგენილი, მწარმოებელი კომპანიიდან სრულ საინჟინრო მომსახურების მიმწოდებლად გარდაქმნის პროცესშია. კომპანიის კომერციული დირექტორი, ზურაბ ფხაკაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ მიმდინარე წლის იანვარში კომპანიამ ამერიკულ Xylem-თან თანამშრომლობის ფარგლებში ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო.
მისივე ინფორმაციით, სტატუსის მისაღებად კომპანიამ რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის სწავლება და სერტიფიცირება გაიარა. მისი თქმით, კომპანიის ახალი მიმართულება მოიცავს პროექტირებას, წარმოებას, მიწოდებას, მონტაჟსა და შემდგომ ექსპლუატაციას.
„წელს ფაქტობრივად მივედით იქამდე, რომ ისეთ კომპანიად გარდაქმნის აქტიურ პროცესში ვართ, რომელიც სრულ ინჟინერინგს აკეთებს - პროექტირების მერე წარმოებას, წარმოების შემდეგ მიწოდებას, მონტაჟს და ექსპლუატაციას“, - განაცხადა მან.
კომპანიის კომერციული დირექტორის თქმით, ახალი მიმართულების განვითარებასთან ერთად გაიზრდება როგორც კომპანიის შტატი, ისე საქმიანობის მასშტაბი. როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე „პოლიმერ ჯგუფში“ 36 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის შვიდი თანამშრომელი სამონტაჟო ჯგუფშია.
ფხაკაძის განცხადებით, კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულება ეკოლოგიაცაა: "ეკოლოგიის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი პირველ რიგში არის ჰაერი და წყალი. ჩვენ ვმუშაობთ სასმელ, ტექნიკურ და ჩამდინარე წყლებზე, მათ შორის წყლის რეზერვუაციაზე, გადაქაჩვასა და ფილტრაციაზე. ამასთან, კომპანიის წარმოებაში, სრულად უნარჩენო ციკლია", - აღნიშნა ფხაკაძემ.
კომპანია “პოლიმერ ჯგუფი” ქართულ საწარმოს წარმოადგენს, რომელიც აწარმოებს თავისუფალი გადინების მილებს, სასმელი წყლის და სახანძრო ავზებს (მიწისქვეშა და მიწისზედა ტიპები), წნევის გამაძლიერებელ და კანალიზაციის სატუმბ სადგურებს, საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და წვიმის წყლის ჩამდინარე წყლების გამწმენდ საშუალებებს და ასევე კომერციულ ობიექტებისა და კერძო სახლებისთვის ბიოლოგიურ გამწმენდ ნაგებობებს. საწარმოო ფართობი განლაგებულია 4500კვ.მ-ზე. კომპანიას შეუძლია აწარმოოს როგორც სერიული ტიპის, ასევე სხვადასხვა ტექნიკური სირთულის, ინდივიდუალურ პროექტებზე მორგებული დანადგარები.

























