“ჩვენს მთავრობას ძალიან უყვარს “წერტილის” თქმა, როცა პოლიტიკოსები საუბრობენ ხშირად ამბობენ "წერტილს“ - ზუსტად წერტილია ეს ლარის კურსი ბიზნესის და ეკონომიკისთვის”, - ამის შესახებ Bm.ge-ისთან „ტერა ბილდინგის“ დამფუძნებელმა ლელა მაზანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ადრე თუ უძრავი ქონების შეძენით რამდენიმე ადამიანი ინტერესდებოდა და მის კომპანიაში რეკავდა, დღეს გაყიდვები პრაქტიკულად გაჩერებულია.
“ძალიან შემცირდა გაყიდვები, თითქმის გაჩერდა. რამდენი შეიძლება გადაიხადოს ადამიანმა? პლუს ამას დაუმატეთ საბანკო რეგულაციები. ვის ტვინში მოიხარშა, რომ საერთოდ შეეხენ იპოთეკურ სესხს ? როგორ შეიძლებოდა იპოთეკურ სესხს შეხებოდი და ასეთი რამ გაგაკეთებინა? ის ისე უნდა დაეტოვებინათ, როგორც იყო. მე მაქვს დოლარში სესხი, ეს ცოტა არაა, დაახლოებით საუბარია, ნახევარ მილიონ დოლარზე. ერთი დოლარი თითქმის 3 ლარი გახდა. რანაირად შეიძლება ეს თანხა გადაიხადო? ყველაფერი გაძვირდა. ჩვენ დეველოპერები ვართ, რაც კი შემოდის ყველაფერი შემოდის დოლარში; შესაბამისად ჩვენი, პროდუქციაც ძვირდება. ხალხს თუ აღარ ექნება იმის უნარი, რომ შეისყიდოს რამე, რა აზრი აქ რამის შენებას ან კეთებას? საუკეთესო ისტორია მქონდა ბანკში, მაგრამ მიფუჭდება იმის გამო, რომ ვერ ვიხდი. თუ ახლა ვერ გადავიხადე, უკვე პრობლემურებში გადავალ. იძულებული გავხდი და ჩემი სახლიც გავყიდე. ადრე თუ მირეკავდა რამდენიმე ადამიანი, აინტერესებდა და უნდოდა ბინის ყიდვა ახლა აღარავინ აღარ რეკავს - ვეღარ ვყიდი. კლიენტი აღარაა . მე მაქვს რამდენიმე აპარატმენტი, მაგრამ არ იყიდება”, - აცხადებს „ტერა ბილდინგის“ დამფუძნებელი.

























