მიკრობანკ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე აცხადებს, რომ გასულ პერიოდში პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, საფინანსო ორგანიზაციების მიერ მოზიდული სახსრები გაძვირდა.
როგორც ბაკურაძემ BMG-ის განუცხადა, განვითარებული მოვლენების ფონზე, მათ მიერ მოზიდული უცხოური საფინანსო რესურსი გაძვირდა, რამაც გარკვეულწილად საპროცენტო განაკვეთებიც გააძვირა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მოზიდული სახსრების ფასები დასტაბილურდა, რაც მათ შორის იმ გარემოებითაა გამოწვეული, რომ მიკრობანკებს დეპოზიტების მიღების უფლება გაუჩნდათ.
„შარშან უკვე შემოდგომაზე განვითარებული მოვლენები ჩვენ მიერ მოზიდული კრედიტების ფასზე აისახა. ასევე გაძვირდა ჰეჯირების ხარჯი, რადგან ფინანსურ სექტორშიც გარკვეული მოვლენები მიმდინარეობდა, ლარი უფასურდებოდა და აჟიოტაჟის ელემენტები იყო, რაც ძალიან კარგად იმართა. ის პერიოდი რთული და გარკვეულწილად ფასების გაზრდა მოგვიწია. ახლა უკვე ამ წნეხიდან გამოვდივართ და ნელ-ნელა დავწევთ ფასებს.
ამ მოვლენების გამო დაახლოებით 300 საბაზისო პუნქტით გაძვირდა ახალი დაფინანსება ანუ სამი პროცენტით, ეს რა თქმა უნდა, მთლიანად არ გადავეცით მომხმარებელს [საპროცენტო განაკვეთებში]. კრისტალის შემთხვევაში უკვე დავიწყეთ დეპოზიტების მოზიდვა, რაც ხარჯებს გვიმცირებს. ამიტომ საბანკო ლიცენზიამ ძალიან კარგ დროს მოგვისწრო, რადგან შედარებით ძვირ [საერთაშორისო] დაფინანსებას დავაბალანსებთ შედარებით იაფი ლარის სახსრებით“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.