აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვებს და თბილისის ქუჩებში ახალგაზრდა პროტესტებს ეხმიანება. როგორც მასაცუგუ ასაკავამ ADB-ის 57-ე ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ფინანსური ინსტიტუტი ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას.
“ADB ყურადღებით აკვირდება საქართველოში შექმნილ მდგომარეობას, რამეთუ პოლიტიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია. იმედი გვაქვს, მიღებული იქნება გამოსავალი, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს. სამოქალაქო საზოგადოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ დახმარების ხარისხისა და ეფექტიანობისთვის, რომელსაც “აზიის განვითარების ბანკი” მის წევრ სახელმწიფოებში უზრუნველყოფს.
დაფუძნების შემდეგ, ADB მრავალფეროვან სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რათა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის დოვლათის შექმნა უზრუნველყოს. ამასთან, მსურს ხაზი გავუსვა მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობას, რადგან ის აუცილებელია, როგორც გამართული მმართველობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ასევე ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტების მისაღებად. იმისთვის, რომ რეგიონში კეთილდღეობა, ინკლუზიური და მდგრადი მომავალი შევქმნათ, ამგვარი თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია”, - განაცხადა მასაცუგუ ასაკავამ BMG-სთან.
შეგახსენებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ხალხში ე.წ. “რუსული კანონის” სახელით არის ცნობილი, მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორისგან, მათ შორის აშშ-ისგან, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოსგან.