მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პოლიტიკური სურათიდან გამომდინარე წავიდნენ ამაზე და ხსნიან შეზღუდვებს... ცალსახად კარგია“ - "მეგასპორტი"

6036637d95466
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.21 19:10
1004
The North Face-ის, Timberland-ის, Diesel-ის და სხვა ბრენდების წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი მთავრობის გადაწყვეტილებებს შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. როგორც ცნობილია, 8 მარტიდან სავაჭრო მოლები შაბათ-კვირასაც შეძლებენ ოპერირებას, დავით ჩხეიძე ამბობს, რომ "შეზღუდვების მოხსნა კარგია, რადგან სექტორი კატასტროფულ მდგომარეობაშია“. 

BM.GE-სთან საუბრისას დავით ჩხეიძე განმარტავს, რომ დღეს არსებული დატვირთვა სავაჭრო ობიექტებს ხარჯების მხოლოდ ნაწილის დაფარვაში უწყობს ხელს.

„მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ გახსნილები ვართ, ეს საკმარისი არ არის, რომ ხარჯები და დაგროვებული დავალიანებები, თუნდაც მოლებთან იჯარის გადასახადები, გავისტუმროთ. ეს გვირტყამს ძალიან. პარალელურად დავიწყეთ მოლაპარაკება ბანკებთან - რა გზით წავალთ, რადგან შეზღუდვებს ბიზნესზე იმდენად უარყოფითი გავლენა ჰქონდა, რომ ახლა რომც გაიხსნას, მყისიერად ამ კრიზისული მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ, ამას მინიმუმ 1-1.5 წელი დასჭირდება“, - ამბობს დავით ჩხეიძე.

„მეგასპორტის“ დამფუძნებელი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას მიიჩნევს იმის გარანტად, რომ ბიზნესსუბიექტები სტაბილურად შეძლებენ ოპერირებას.

„გარკვეული პოლიტიკური სურათიდან გამომდინარე წავიდნენ ამაზე, რომ ხსნიან შეზღუდვებს, მაგრამ გამოსავალი ამ ეკონომიკური კრიზისიდან არის ერთი - სწრაფად მოხდეს ვაქცინაცია. ყველაფერი როდესაც გაიხსნება, გარკვეული რისკები და საშიშროებები არის; თუმცა იმ ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ახლა ჩვენ ყველანი ვართ, რომ არ გაიხსნას დავიქცევით“, - აცხადებს ჩხეიძე.

კომპანია „მეგასპორტის“ გაყიდვებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი სამთო-სათხილამურო ეკიპირების რეალიზაციას უკავია. ჩხეიძე ამბობს, რომ მათი გაყიდვები განულებულია, შესაბამისად მთის კურორტების გახსნასაც დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ მცირედად გაყიდვები ამ მიმართულებითად განახლდება.

მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის მოლოდინები, რომ თებერვალში საცალო გაყიდვების მიმართულებით დიდი მოთხოვნა იქნებოდა, არ გამართლდა.

„თებერვალში არ იყო ისეთი აქტივობა, როგორიც უნდა ყოფილიყო. მითია, რომ შაბათ-კვირას ვინც შოპინგობს ,ის კვირის დღეებზე გადანაწილდება, გაყიდვები ამ პირობებში ჩვენთვის ძალიან დაბალია, ამიტომ გადარჩენისთვის ხელს გვახმარს. მთელი თვის განმავლობაში 20 დღეს ვმუშაობთ და ეგეც კომენდანტის პირობებში საათები გვაკლდება, რაც პირდაპირ შემცირებულ გაყიდვებს გულისხმობს“, - განმარტა „მეგასპორტის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები