მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„პოლიტიკური ვეტერანი ვარ“ - სერბეთის მოქმედი პრეზიდენტი კარიერის დასრულებას აანონსებს

ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნის კონსტიტუციას არ შეცვლის. მან აღნიშნა, რომ არჩევნებში თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს, რადგან სახელმწიფო ლიდერის პოზიციაზე არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეუძლია. წერს სერბული მედია.

„მე პოლიტიკური ვეტერანი ვარ. პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა აღარ შემიძლია და ამის გამო კონსტიტუციის შეცვლა თავში არ მომივა. დიქტატორი არ ვარ, წელიწად-ნახევარში ჩემს საპრეზიდენტო კარიერას ვასრულებ“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თავისი საქმიანობის შედეგებით ამაყობს. „რომ ნახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი აეროპორტები, რა წარმატებით მუშაობენ ავიაკომპანიები, როგორ შენდება ახალი გზები. ჩვენი სახელმწიფო ვალი ახლა მშპ-ს 44%-ია, რაც ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ დაბალია“, - განაცხადა მან.

სერბეთის კუნსტიტუციის მიხედვით, პირის პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ ორი ვადით შეიძლება. პრეზიდენტის მანდატი 5-წლიანია. ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტი 2017 წლის 31 მაისს გახდა. 2022 წლის აპრილში კი ის მეორე ვადით აირჩიეს. მისი საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის მაისში იწურება.

ავსტრიის კანცლერ კრისრიან შტოკერთან შეხვედრის შემდეგ ვუჩიჩმა სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები ცხადყოფს იმას თუ რას ფიქრობს ხალხი.

ცნობისთვის, სერბეთში 2024 წლის ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციები იმართება. მიზეზი რკინიგზის სადგურზე გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანის გარდაცვალებაა. საპროტესტო აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები