სულხან თამაზაშვილმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის თანამშრომლებს ახალი რექტორი გიორგი სახოკია წარუდგინა.
სახოკია ამ დრომდე შს მინისტრის მოადგილე იყო და მისი განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აკადემიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა და ორგანიზაციის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო არსებულ ინფრასტრუქტურას.
გიორგი სახოკია მინისტრის მოადგილის პოსტზე გასული წლის 11 დეკემბერს დაინიშნა. იქამდე შსს-ს აკადემიის რექტორის თანამდებობაზე 2025 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, უფრო ადრე კი ის თავდაცვის სამინისტროს აპარატში საქმიანობდა. 2021-2022 წლებში ის გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მუშაობდა, 2020 წელს კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო, 2014-2019 წლებში კი შსს-ში სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა.



























