პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის დროს განსახილველ ძირითად საკითხებს შორის იქნება უსაფრთხოება, კერძოდ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ეკონომიკური საკითხები.
როგორც გამგზავრებამდე პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, სი ძინპინთან შეხვედრისას განიხილავს პოლნეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნებს, ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს და უკრაინაში არსებულ სიტუაციას. მისი თქმით, უკრაინა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი „სარტყელისა და გზის ინიციატივისთვის“.
დუდამ ჩინეთთან, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ყველა რაციონალური ლიდერი ურთიერთობს ჩინეთთან. გლობალური მასშტაბით წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტები ხვდებიან ჩინელ ლიდერებს. მივისწრაფი ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებისკენ”, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
მისი თქმით, ჩინეთის მთავრობას გააჩნია მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა და შეუძლია ბელარუსის პრეზიდენტზე, ალექსანდრ ლუკაშენკოზე ზეწოლის განხორციელება, რათა მან პოლონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმები შეწყვიტოს.
პოლონეთის პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტს 26 ივნისს დაასრულებს.