მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლონეთში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა

5b3b8de210f03
სალომე მეცხვარიშვილი
03.07.18 20:30
3219
"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ უკვე რამდენიმე თვეა საპილოტე პროექტს ახორციელებს, რომელიც ქართველების ევროკავშირის ქვეყანაში ლეგალურად დროებით დასაქმებას გულისხმობს.

ორგანიზაციის ტექნიკური მრჩეველი ციური ანთაძე ამბობს, რომ პირველი დასაქმებული პოლონეთში გასული წლის სექტემბერში გაუშვეს და ამ დრომდე 30 ადამიანია მათი შუამავლობით პოლონეთის სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული.

საუბარია ძირითადად შემდუღებლებზე, მძღოლებსა და მშენებლებზე, რომელთა საშუალო ხელფასი სხვადასხვა შემთხვევაში 600 ევროდან 1500 ევრომდე მერყეობს.

ციური ანთიძე BM.GE-სთან იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც უცხოეთში დროებით სამუშაოდ წასასვლელად არის საჭირო:

- უცხოური კომპანია აცხადებს ვაკანსიას (სამუშაო პირობები, მოთხოვნები, სოციალური გარანტიები და ა.შ.)

- ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ქართულ ვებ-გვერდებზე, დეტალური ცნობები მიეწოდებათ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ბაზაში და დაინტერესებული არიან უცხოეთში დასაქმებით

- დაინტერესებულ პირებს შორის ხდება იმ ადამიანების შერჩევა, რომლებიც შეესაბამებიან სამუშაო აღწერილობას

- ხდება კომუნიკაცია დამსაქმებელსა და პოტენციურ დასაქმებულს შორის: პირადად ან ონლაინ; შესაძლოა, აპლიკანტს სპეციალური ტესტის ჩაბარებაც მოუწიოს

- სასურველი კანდიდატურის შერჩევის შემდეგ დამსაქმებლის მხრიდან იგზავნება ოფიციალური მოწვევა, რაც ხდება საფუძველი, რომ ამ ქვეყნის საელჩოს ოფიციალურად მიმართოს აპლიკანტმა და სამუშაო ვიზა მოიპოვოს.

როგორც „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში“ აცხადებენ, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული კანონმდებლობაა, თუმცა, პოლონეთში პირველ ჯერზე სამუშაო ვიზის აღება 6 თვემდეა შესაძლებელი, სეზონურ სამუშაოზე კი 9 თვემდე.

ამ ეტაპზე პოლონეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ორგანიზაცია მოსახლეობას ასაქმებს, მაგრამ მოლაპარაკება სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს, როგორებიცაა: ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები