მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პოპულისტური გზავნილია, რომელიც ემსახურება ხელისუფლების დაკვეთას" - ეკონომისტი კვერცხის მწარმოებლების განცხადებაზე

აკაკი ცომაია

"ეს რეალურად ნიშნავს კითხვაზე პასუხს, თუ რამდენად თავისუფალია ბიზნესი დღეს საქართველოში" - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ BM.GE-სთან კვერცხის მწარმოებლების განცხადების შეფასებისას განაცხადა.

დღეს საქართველოს კვერცხის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიებმა - „სავანეთმა“, „დილამ“, „კოდამ“ და „კუმისმა“ პროდუქციის 5%-ით გაიაფების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. "აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება", - განაცხადეს კომპანიებმა.

ეკონომისტის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები მხოლოდ ხელისუფლების მოკლევადიანი პოპულისტური მიზნების მიღწევას ეხმარება და გრძელვადიანად პროდუქციის გაიაფებას ვერ გამოიწვევს.

"პრემიერის ასეთ განცხადებას და მიმდინარე მოქმედებას ბიზნესი პასუხობს ამ კუთხით, რაც ხელს უწყობს „ქართულ ოცნებას“, რომ ამ თემით შეძლოს მანიპულირება და გარკვეულწილად საზოგადოებას დააჯეროს, თუ რამდენად კარგი ხელისუფლებაა. სხვა არაფერს არ ემსახურება მეწარმეების ეს განცხადება. გავა დრო და 5%-ის შემცირების ნაცვლად, მოუმატებენ ფასებს 10%-ით და შესაბამისად დააბალანსებენ. ანუ თავისთავად იმ განცდის შექმნა, რომ თითქოს ამ მეწარმეებს ადრეც შეეძლოთ, რომ უფრო იაფად გაეყიდათ პროდუქცია და აი ხელისუფლება რომ ჩაერია და აღმოაჩინა, რომ ეს შესაძლებელი იყო, ამიტომ აიაფებენ 5%-ით კვერცხს, მხოლოდ და მხოლოდ არის პოლიტიკური პოპულისტური გზავნილი, რომელიც ემსახურება ხელისუფლების დაკვეთას, რომ მიიღოს ის შედეგი, რომლის მიღებაც სურს მას ძალზე მოკლევადიან პერიოდში. დრო გავა და საბოლოო ჯამში ფასები ისევ იქ იქნება, რასაც ეკონომიკა და ეკონომიკური კანონები გვკარნახობს",- ამბობს აკაკი ცომაია.

მისივე შეფასებით, მსგავსი ჩარევა არაჯანსაღია და რაც შეეხება ზოგადად ფასების შემცირების საკითხს, კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

"ჯანსაღი მიდგომა იყო არ ჩარევა. ჯანსაღი მიდგომა, კი ბატონო, არის ბევრი სხვადასხვა გზა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, ეს კომპლექსური თემაა. მაგრამ ეს საკითხი ნაკლებად საინტერესო არის, როგორც საზოგადოებისთვის მოცემულ მომენტში, ისე ხელისუფლებისათვის. მთავარი არის იმ [ხელისუფლების] თამაშის გააზრება, გაგება და გადმოცემა, თორემ თავისთავად ფასების დონე შეიძლება შემცირდეს ბევრი სხვადასხვა მაკრო მოქმედებით. ეს რომ იყოს ინტერესის საგანი, მაშინ კითხვაც სხვანაირად დაისმებოდა",- აღნიშნავს ეკონომისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები