საქართველოში ქსელურმა მარკეტებმა მომხმარებლებისთვის „სოციალური კალათით“ ფასდაკლებების შეთავაზება დაიწყეს. როგორც „რითეილ ასოციაციამ" განმარტა, კომპანიები ერთიან მიდგომაზე შეთანხმდნენ, თუმცა ყველამ ინდივიდუალურად განსაზღვრა შეთავაზებები. სოციალური პროდუქტი ძირითადად არის ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს რძის პროდუქტი და ქათმის ხორცი. მარკეტების ეს ნაბიჯი ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნას მოჰყვა, რომელიც მოკლევადიანი მსუბუქი ინტერვენციის სახით ერთ-ერთ რეკომენდაციად საფრანგეთისა და საბერძნეთის მოდელს განიხილავს. კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ რითეილ ასოციაციამ განაცხადა, რომ წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც სპეციალური საფასო პოლიტიკა ვრცელდება, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე განსაკუთრებული შეთავაზებები მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს.
სტუმრები: სოსო ბერეკაშვილი - ეკონომისტი; მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ექსპერტი;


































