მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პორტის ძირითადი სამუშაოები თუ მოსამზადებელი ეტაპი? - კონსორციუმის პასუხი ვიცეპრემიერს

5c889a9b4cff2
თელარა გელანტია
13.03.19 09:47
983
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმს ანაკლიის პორტის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებასა და მშენებლობაში დაგვიანება საერთოდ არ აქვს.

ასე უპასუხა ახვლედიანმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ tv “იმედზე“ გაკეთებული იმ განცხადებიდან გამომდინარეობდა, რომლის თანახმად, „კონსორციუმს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები აქვს დაწყებული“.

ვიცეპრემიერის თქმით, ხელშეკრულებით, 2017 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო სრული დაფინანსების მოძიება; როდესაც 2017 წლის ბოლოს ეს პირობა ვერ შესრულდა, იქნა გადავადებული 2018 წლის 31 დეკემბრამდე. 2018 წილს ბოლოს კი, კიდევ გადავადდა 6 თვით.

„მშენებლობის დაწყებაც იქნა გადავადებული. სამწუხაროდ, ჩვენ ნაწილობრივ სიმართლეს ვისმენთ კონსორციუმის მხრიდან. ხელშეკრულებით გაწერილია ის პირობები, თუ რას ნიშნავს სამუშაოების დაწყება. ის სამუშაოები, რაც კონსორციუმს აქვს დაწყებული, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები. მათ ჯერ არ აქვთ დასრულებული პროექტი... გრაფიკში ჩამორჩენა აქვთ”, - აცხადებს ცქიტიშვილი.

თავის მხრივ, ლევან ახვლედიანი ირწმუნება, რომ „სამშენებლო ვადები ერთი დღითაც არ გადაწეულა“.

„კონსორციუმს პროექტის განვითარებასა და მშენებლობაში დაგვიანება საერთოდ არ აქვს. ტექნიკურად პროცესის გადავადება არ მომხდარა და სამშენებლო ვადები ერთი დღითაც არ გადაწეულა. კონსორციუმი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ შეძლებს პირველი გემის მიღებას 2020 წლის ბოლო -2021 ის დასაწყისში.
რაც შეეხება პორტის სამშენებლო პროცესს, კონსორციუმმა უკვე ჩაატარა მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაობის ნაწილი. ეს არ ყოფილა წინა მოსამზადებელი სამუშაოები, ეს არის ის ძირითადი სამუშაოები, რომელიც უნდა დაწყებულიყო პროექტის ფინანსური დახურვის შემდეგ, მაგრამ რადგან ფინანსური დახურვა გადავადდა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საკუთარ თავზე სრულად აიღო რისკი და განახორციელა 30 მლნ დოლარის ღირებულების, საქართველოსთვის უპრეცედენტო საზღვაო სამუშაოები, რომელიც იურდიულად გაფორმდა როგორც მოსამზადებელი, (იმიტომ რომ ეს სამუშაოები უნდა დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც ფინანსურად დაიხურებოდა პროექტი, რადგან ფინანსური დახურვა გადავადდა, სამშენებლო ვადისთვის რომ არ გადაგვეცილებინა დავიწყეთ ეს სამუშაოები) მაგრამ ეს იყო ძირითადი სამუშაოების პირველი ნაწილი. ეს იყო უდიდეს გემ „ათენას“ მიერ ზღვის ფსკერის დაღრმავება, 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშის ნაპირზე ამოტანა, 3500 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟო სისტემის დრეანჟი თუ სხვა...

რაც შეეხება პორტის დიზაინს, მოხდა მისი სერიოზული ოპტიმიზაცია ამერიკული კომპანია „BergerABAM“ - ის მიერ. თავდაპირველად. გათვალისწინებული ორი ნავსადგომის ნაცვლად გაკეთდა სამი ნავსადგომი, და პორტის დიზაინი დღეს უკვე 60%-ით არის დასრულებული“, - განმარტა ახვლედიანმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის განცხადებითვე, რამდენიმე დღეში ამწეების საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოცხადდება.

„გარდა ამისა, რაც მთავარია, მიმდინარეობს გენერალური კონტრაქტორის შერჩევა. ეს არის პროცესი, რომელიც მხოლოდ ბანკების ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ ხდება და უახლოეს კვირაში გამოვლინდება გამარჯვებული - პორტის გენერალური კონტრაქტორი, რომელიც დაასრულებს პორტის მშენებლობის პირველ ფაზას“, - აღნიშნა bm.ge-თან ახვლედიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები