პორტუგალიაში ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა საწვავის გარეშეა დარჩენილი. ქვეყანაში, სადაც საზაფხულო სეზონის ბუმია და უამრავი დამსვენებელია ჩასული, ბენზინისა და დიზელის შეძენა უკვე მეორე დღეა შეუძლებელია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიზეზი გაფიცვაა, რომელიც პროფკავშირების ორგანიზებით ტარდება. სფეროში დასაქმებულები ნავთომბზიდი ავტომობილების მძღოლებისთვის ხელფასების მატებას ითხოვენ და იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, უვადო საპროტესტო გაფიცვებს აანონსებენ.
ამ დროის მონაცემებით, პროტესტის შედეგად, პორტუგალიის მასშტაბით, 3000 ბენზინგასამართი სადგურის დაახლოებით, 15% მთლიანად ან ნაწილობრივ დაზარალდა.
პორტუგალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საწვავის რაციონირების ბრძანება გასცა. დღევანდელი მოცემულობით, ქვეყანაში თითო მანქანაზე მხოლოდ 25 ლიტრი საწვავი გაიყიდება, ხოლო სატვირთოებზე 100 ლიტრი.
შეზღუდვა პოლიციას, სასწრაფო-სამაშველოსა და აეროპორტებს არ ეხება. ქვეყნის მთავრობა კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობს, დაგეგმილია პროფკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებიც.

























