Routes Europe-ის დაჯილდოების გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. ფორუმი, რომელიც კონტინენტის აეროპორტებზე, ტურიზმის სააგენტოებსა და ავიაკომპანიებზე ფოკუსირდება, მარშრუტების განვითარების საუკეთესო პრაქტიკებსა და აეროპორტების მარკეტინგულ მიღწევებს აღიარებს.
2026 წლის Routes Europe იტალიის ქალაქ რიმინიში გაიმართა, სადაც ჯამში ექვსი ჯილდო გაიცა.
აეროპორტების ჯილდოები მგზავრთნაკადის მიხედვით სამ კატეგორიად გაიყო: ხუთ მილიონამდე, 5-დან 20 მილიონამდე და 20 მილიონზე მეტი.
ხუთ მილიონამდე მგზავრის კატეგორიაში გამარჯვებულად ფლორენციის აეროპორტი დასახელდა, ხოლო 20 მილიონზე მეტი მგზავრის კატეგორიაში ათენის საერთაშორისო აეროპორტმა გაიმარჯვა.
მას შემდეგ, რაც ხუთიდან 20 მილიონამდე მგზავრის კატეგორიაში საუკეთესო აეროპორტად დასახელდა, პრაღის აეროპორტი ჟიურიმ, ისტორიაში პირველად, მთავარ (აბსოლუტურ) გამარჯვებულადაც გამოაცხადა.
2025 წელს ჩეხეთის ყველაზე დატვირთული საავიაციო ჰაბი 17.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2024 წელთან შედარებით 8.5%-იანი ზრდაა და კოვიდ-პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებსაც კი აღემატება.
"ევროპული აეროპორტების მხრიდან მზარდი კონკურენციის პირობებში, ორივე ჯილდო მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ", - განაცხადა ირჟი ვისკოჩმა, პრაღის აეროპორტის საავიაციო ბიზნესის განვითარების აღმასრულებელმა დირექტორმა.
ვისკოჩმა დასძინა, რომ აეროპორტის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც პარტნიორებთან ღია თანამშრომლობას ეფუძნება, „არა მხოლოდ ახალი მიმართულებების დამატებას, არამედ არსებულ მარშრუტებზე ადგილების რაოდენობისა და ფრენების სიხშირის გაზრდას მოიცავს, რითაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი აეროპორტის ხელმისაწვდომობა და კონკურენტუნარიანობა ძლიერდება“.
ეს აღიარება პრაღის აეროპორტისთვის მორიგი წარმატებაა. 2025 წელს მან Routes World-ზე გამარჯვება 10-20 მილიონი მგზავრის კატეგორიაში მოიპოვა.
2025 წელს პრაღის აეროპორტმა 46 ახალი მარშრუტი და 24 ახალი მიმართულება დაიმატა. ჰაბმა ასევე 12 ახალი ავიაკომპანია მიიღო. შედეგად, აეროპორტში მოქმედი ავიაკომპანიების საერთო რაოდენობამ 89-ს მიაღწია.
ახალ მარშრუტებს შორისაა ფრენები სეულისკენ (Asiana Airlines), აბუ-დაბისკენ (Etihad Airways), ტორონტოსკენ (Air Canada) და შარჯასკენ (Air Arabia).
Routes Europe 2026-ის საუკეთესო ავიაკომპანიის ჯილდო Jet2-ს გადაეცა. ბრიტანულმა ლოუკოსტერმა (დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია) ეს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა.
მთლიანობაში, Jet2 დიდ ბრიტანეთში მდებარე 14 ბაზიდან 650-ზე მეტ მარშრუტს ემსახურება და 80-ზე მეტ მიმართულებაზე დაფრინავს. მისი უახლესი ბაზა, ლონდონის გეტვიკის აეროპორტი, 2026 წლის მარტში ტენერიფეს მიმართულებით ფრენით ამოქმედდა.
გეტვიკიდან ოპერირების პირველი ზაფხულის განმავლობაში, Jet2-ს 29 მიმართულება აქვს ესპანეთის, კანარის კუნძულების, ბალეარის კუნძულების, საბერძნეთის, თურქეთის, პორტუგალიის, მალტის, იტალიის, ხორვატიის, ბულგარეთისა და კვიპროსის მასშტაბით.
დიდი ბრიტანეთის სიდიდით მესამე ავიაკომპანიამ ამ ზაფხულისთვის თავის ქსელში 37 ახალი მარშრუტი დაამატა, მათ შორის სამი ახალი მიმართულება: ლა-პალმა (ესპანეთი), პალერმო (იტალია) და სამოსი (საბერძნეთი).
Routes Europe 2026-ის გამარჯვებულები:
5 მილიონამდე მგზავრი: ფლორენციის აეროპორტი
5-20 მილიონი მგზავრი: პრაღის აეროპორტი
20 მილიონზე მეტი მგზავრი: ათენის საერთაშორისო აეროპორტი
საუკეთესო ტურისტული მიმართულება: კანარის კუნძულების ტურიზმის საბჭო - Promotur
საუკეთესო ავიაკომპანია: Jet2.com
საუკეთესო აეროპორტი: პრაღის აეროპორტი




























