მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს მთავრობა ამზადებს. კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიზანია მოადგილეების „სხვა თანამშრომლებთან თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება“ და მათი საქმიანობის დამატებითი მატერიალური წახალისება.
დღემდე მოქმედი წესით, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღება შეზღუდული ჰქონდათ როგორც მთავრობის წევრებს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს, ისე მათ მოადგილეებს. მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისთვის ასეთი შეზღუდვა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არის დაწესებული, თუმცა მოადგილეების შემთხვევაში მსგავსი რისკი ნაკლებად არსებობს, რადგან მათი გადაწყვეტილებები ზემდგომი პირების კონტროლქვეშ ექცევა.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის ლიმიტის ზრდას. კერძოდ, საჯარო დაწესებულებებში ასეთი თანამშრომლების რაოდენობა მთლიან საშტატო რიცხოვნობაში 10%-ის ნაცვლად 15%-მდე გაიზრდება. გამონაკლისად რჩება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებები, სადაც ზღვარი კვლავ 10% იქნება. მთავრობის ადმინისტრაცია დოკუმენტში განმარტავს, რომ ეს ცვლილება უკავშირდება 2024 წლის საკანონმდებლო ცვლილებებს, რის შედეგადაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად განისაზღვრნენ, რამაც ამ კატეგორიის თანამშრომელთა რაოდენობა გაზარდა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები დამატებით ხარჯებს მიმდინარე წლის ბიუჯეტისთვის არსებული ასიგნებების ფარგლებში დაფარავს, თუმცა მომდევნო წლებში შესაძლოა გაიზარდოს როგორც საბიუჯეტო ხარჯები, ისე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა.
სტუმარი: გიგი ჩიხლაძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, უფროსი ანალიტიკოსი
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად


































