ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებმა გასულ სეზონში რეკორდული საოპერაციო ზარალი დააფიქსირეს, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა.
ლიგის 20 კლუბის საერთო ძირითადმა დეფიციტმა 2024-25 სეზონში £1.65 მილიარდს მიაღწია, რაც ერთ წელიწადში 43%-იანი ზრდაა. ხარჯები სამ ძირითად კატეგორიაში - ხელფასები, ტრანსფერების ამორტიზაცია და საოპერაციო ხარჯები £911 მილიონით გაიზარდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება შემოსავლების £462 მილიონიან ზრდას.
ეს საოპერაციო ზარალი არ მოიცავს ფეხბურთელების გაყიდვიდან მიღებულ მოგებას, რომელსაც ზოგი კლუბი საკუთარი ფინანსური სურათის გასაუმჯობესებლად იყენებს. თუმცა, ამ თანხის დამატების შემთხვევაშიც კი სურათი პოზიტიური არ არის: საერთო ზარალმა £676 მილიონი შეადგინა - მაჩვენებელი, რომელიც მხოლოდ 2019-20 სეზონში, COVID-19-ის პიკის პერიოდში იყო უფრო მაღალი.
ბოლო სამი წლის განმავლობაში მსგავსი შიდა ოპერაციებით კლუბებმა £571 მილიონი ქაღალდის მოგება დააგროვეს, მათ შორის “ჩელსის” მიერ სასტუმროებისა და სხვა აქტივების შიდა გადანაწილებით.
მიუხედავად ამისა, ლიგა ჯერ კიდევ ვერ უბრუნდება მოგებიანობას. ბოლო შემთხვევა, როცა პრემიერ ლიგამ საერთო მოგება აჩვენა, 2010-იანი წლების შუა პერიოდში იყო, როდესაც ახალი სატელევიზიო კონტრაქტები სწრაფად ზრდიდა შემოსავლებს. მას შემდეგ ხარჯები მკვეთრად გაიზარდა და ლიგა უკვე შვიდი წელია ზარალზე მუშაობს ჯამში £4 მილიარდზე მეტი დეფიციტით.
ამავდროულად, შემოსავლები იზრდება: 2024-25 სეზონში ისინი £6.8 მილიარდს მიაღწია, ძირითადად არა სატელევიზიო შემოსავლების ზრდის გამო. სატელევიზიო შემოსავლები მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, თუმცა ახალი კონტრაქტების ციკლის დაწყების ფონზე ზრდა მოსალოდნელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ცხრა ინგლისურმა კლუბმა ევროპულ ტურნირებში ჯამში £554 მილიონი გამოიმუშავა.
ყველაზე სწრაფად იზრდება ხელფასები: 2024-25 სეზონში ისინი £4.4 მილიარდამდე გაიზარდა (9%-ით). საშუალოდ, თითოეული კლუბის ხელფასების ბიუჯეტი £220 მილიონია. ხელფასების წილი შემოსავლებში 65%-მდე გაიზარდა.
ჯამში, გასულ სეზონში პრემიერ ლიგის კლუბების მფლობელებმა £1.3 მილიარდზე მეტი ჩადეს უკვე მესამე წელია, როცა ეს მაჩვენებელი £1 მილიარდს აჭარბებს. ეს ასახავს როგორც კლუბების დიდ ზარალს, ისე იმასაც, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ბანკები ნაკლებად არიან მზად ფეხბურთის კლუბების დაფინანსებისთვის.
პრემიერლიგის გარეთ მფლობელები ხშირად მილიონობით ზარალს ფარავენ, იმ იმედით, რომ კლუბის ღირებულება გაიზრდება და მომავალში წილის გაყიდვით დაიბრუნებენ ინვესტიციას. არსებული რეალობის პირობებში კი ფინანსური მოგების მიღების სხვა გზა პრაქტიკულად არ არსებობს, თუ არ განხორციელდება ინგლისური ფეხბურთის სისტემური რეფორმა.




























