ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ სიტის” დამარცხების შემდეგ “ლივერპულმა” მეორე ადგილოსან “არსენალთან” სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა. ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში მერსისაიდელები “იუნაიტედის” რეკორდულ 20 ტიტულს გაუთანაბრდებიან და ამ შემთხვევაში კლუბის სპონსორ “ნაიკის”, კონტრაქტში ჩადებული ძვირფასი პუნქტის ამოქმედება მოუწევს.
საქმე ისაა, რომ თუკი “ლივერპული” შეძლებს პრემიერ ლიგის მოგებას ამერიკული სპორტული ტანსაცმლის კომპანია მათ 2 მილიონ გირვანქას გადაუხდის, დამატებით 2 მილიონს ისინი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემთხვევაში გადაიხდიან, სადაც ინგლისელების მეტოქე მერვედფინალში ფრანგული “პსჟ” იქნება.
“ლივერპული” “ნაიკისგან” წლიურად გარანტირებულ 30 მილიონ გირვანქას გამოიმუშავებს, ხოლო გაყიდული საქონლიდან ასევე დამატებით 20%-ს იღებს, რის გამოც ამერიკელებისგან წლიური შემოსავლის რაოდენობა დაახლოებით 60 მილიონამდე ადის.
მხარეებს შორის კონტრაქტი ზაფხულში სრულდება და “ლივერპულელებმა” უკვე დაადასტურეს, რომ მათ შორის ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება. ისინი საქმიან ურთიერთობას 2025/26 წლიდან გერმანულ სპორტულ გიგანტ “ადიდასთან” დაიჭერენ, რომელიც მზადაა გუნდს უფრო მეტი გადაუხადოს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ “ლივერპულსა” და “ადიდასს” წარსულშიც არაერთხელ უთანამშრომლიათ. მათი პირველი თანამშრომლობა 1985-1996 წლებში შედგა, ხოლო შემდეგ საქმიანი ურთიერთობა 2006-დან 2012 წლამდე დაიჭირეს.