დღეს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკურის ექიმებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა დაუდასტურა.
"გუშინ, გვიან ღამე შეგვატყობინეს, რომ 19:00 საათზე შევხვდებით", - განაცხადა ოთარიშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე დაახლოებით 5-კაციანი გუნდი წავა.
როგორც ნინო ოთარიშვილი ამბობს, ექიმები პრემიერთან თავიანთი მოთხოვნების კიდევ ერთხელ დაყენებას აპირებენ.
"ჩვენს პრობლემებზე უნდა ველაპარაკოთ, იმ არგუმენტებზე, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკური საავადმყოფო არ უნდა დაინგრეს. ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი. ის, როგორც ექცევიან პერსონალს, რომ გაყარეს და კლინიკა მიიყვანეს დახურვის პირას, იმიტომ რომ მხოლოდ ექიმები დავრჩით, არის ასევე ანტისახელმწიფოებრივი და არა ცივილური", - განაცხადა ოთარიშვილმა.
ცნობისთვის, რესპუბლიკურის ექიმები პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ. შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია და საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა, კერძოდ, კლინიკის პერსონალისთვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად, დრო 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაწყებულია, რომლითაც კლინიკის 350-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია. თუმცა, ნინო ოთარიშვილი აცხადებს, რომ 162 ექიმიდან, შეთანხმებას ხელი მხოლოდ 3-მა ექიმმა მოაწერა, დანარჩენი თანამშრომლები კი სხვადასხვა დონის მედპერსონალია.