„ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ამბასადორიალი 2016"-ის მონაწილეებს.
"საქართველოს მოქალაქეების ამ დაკვეთის შესრულების კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია. 1-ლი ივლისიდან ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ახდა არაერთი თაობის ოცნება - ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური ასოცირება - რაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზის ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უკვე არის ჩვენი პოლიტიკური განვითარების, მრავალი წარმატებული რეფორმისა და, ზოგადად, ქვეყნის ევროპული გზის დასტური. ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობაზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია და ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. აქ საუბარი არ არის უბრალოდ უვიზო რეჟიმზე, ეს გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი გარდატეხა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში. ამიტომ, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღნიშნული საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტზე საქართველოში, რომელმაც, მისი შეფასებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ რჩება.
"მთლიანობაში, აშშ-თან ურთიერთობაში, ვფიქრობთ, მეტი სივრცე და შესაძლებლობა არსებობს თანამშრომლობის მთელი რიგი მიმართულებებით განმტკიცებისთვის, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკა თუ ხალხთაშორისი კონტაქტები. ჩვენი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს,რათა კიდევ უფრო გააღრმავოს და ახალ დონეზე აიყვანოს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს პრიორიტეტია, მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან გაგრძელდეს მჭიდრო, ურთიერთსასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და შესაბამისი პროექტები. საქართველო დიდ ინვესტიციას დებს, რათა სრულად მოახდინოს სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კვანძის ფუნქციის რეალიზაცია და შეიძინოს რეგიონული ჰაბის როლი, რაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მეტ მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს მთელს რეგიონს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებებით კიდევ უფრო მეტი დიპლომატიური ძალისხმევის მიმართვაა საჭირო.

























