მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებას ზაფხულისთვის აანონსებს

ანაკლია

პრემიერი ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებას ზაფხულისთვის აანონსებს - აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძის წლის ანგარიშშია ნათქვამია, რომლითაც ის პარლამენტის წინაშე 28 ივნისს წარდგება.

როგორც პარლამენტისთვის გადაგზავნილ დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობა საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებისა და ქვეყნის სატრანზიტო − ლოგისტიკური პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ერთ-ერთი პროექტი კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია, რომლის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულდა და „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა. ამ ტენდერის პარალელურად პორტის მშენებლობისთვის შექმნილმა კომპანია ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადება სამმა კომპანიამ წარადგინა.

„გრძელდება მუშაობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმართულებით. 2023 წლის ივნისში, სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესარჩევი პროცესის ფარგლებში, პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატა 4-მა კანდიდატმა.

აღნიშნული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია შეისწავლა შესარჩევმა კომისიამ და ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის სექტემბერში, კვალიფიცირებული კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2 კანდიდატს.

2024 წლის 20 მაისისთვის, სააგენტოში კვალიფიცირებულმა ერთმა კანდიდატმა (China Communications Construction Company Limited) წარმოადგინა შესაბამისი განაცხადი/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლა ამჟამად მიმდინარეობს სააგენტოსა და მისი კონსულტანტების მიერ, ხოლო შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განხორციელდება შესარჩევი კომისიის მიერ, დადგენილი წესით უახლოეს პერიოდში.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ გამოცხადდა ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერი, რომლის ფარგლებშიც, 2024 წლის 10 მაისს, სატენდერო დოკუმენტაცია წარადგინეს შესაბამისმა კანდიდატებმა. მიმდინარე წლის 10 მაისს, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ საჯაროდ გახსნა პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი კონვერტები/პაკეტები. ზემოაღნიშნულ ტენდერში წინადადება წარმოადგინა სამმა კომპანიამ. წინასწარი გათვლებით, ზაფხულის პერიოდში, უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და შესაბამისად დაიწყოს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, - ნათქვამია პრემიერის ანგარიშში.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულმა საომარმა ქმედებებმა ევროპაში რუსეთის შემოვლითი გზით ტვირთების გადაზიდვის აუცილებლობა წარმოშვა, რამაც, თავის მხრივ, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) მიმზიდველობა გაზარდა. აღნიშნული კი, ერთი მხრივ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთში და, მეორე მხრივ, შავი ზღვის პორტების მეშვეობით, ევროპაში ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები