თბილისში მიმდინარე აქციებზე პრემიერმა პირველი განცხადება გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ მათი სიტყვის თავისუფლების გარანტი სახელმწიფოა.
„გუშინ საღამოს კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება და მოუწოდა ყველას გაერთიანებისკენ იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია. ის, რომ სახელმწიფოს ექნება ნარკო რეალიზატორების მიმართ მკაცრი რეაქცია და იქნება გაცილებით ჰუმანური მომხმარებლების მიმართ - არაერთხელ მითქვამს და კიდევე ერთხელ ვადასტურებ. მინდა მოგიწოდოთ: ჩემო შვილებო, თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, მე პირადად ვარ გარანტორი რომ ჩვენს ქვეყანაში თქვენი გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. ესაა მონაპოვარი, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და ეს თქვენი მონაპოვარია. ის რომ ადამიანი , სიტყვის თავისუფლება ჩვენი პრიორიტეტია გასული საათების განმავლობაში დადასტურდა. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ თქვენ შეუზღუდავათ შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ დროს დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს აზრი, თუმცა დაპირისპირება არის დაუშვებელი და ამას არ დავუშვებთ.
ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო, გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, - განაცხადა პრემიერმა.

























