საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბათუმში აშენდება ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე, სადაც კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე იქნება.
"ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის სწორედ განათლება. ჩვენ აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის შენდება და მათთვის შეიქმნება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში შევძლოთ იგივეს გაკეთება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭის და ცოდნის რეალიზაცია. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი.
მე ძალიან ბევრი მოსაზრება მოვისმინე, მათ შორის სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. რატომ არის ეს ეროვნული იდეა – იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვს, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, რომ საქართველო 21–ე საუკუნეში წარმატებულ ქვეყანად ვაქციოთ. მე ეს ღრმად მწამს. ქართველ ერს აქვს უნიკალური ნიჭი, პოტენციალი და განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი, რომ საქართველოს წინაშე არსებული ყველა პრობლემა დავძლიოთ", – განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ მის მიერ რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი განათლების სფეროზე ბიუჯეტიდან თანხების მზარდი ტენდენციით ხარჯვას უზრუნვეყოფს.
"ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს განათლებაზე მივმართავთ. წელს განათლების ბიუჯეტი 1.6 მლრდ ლარია, მომავალ წელს 2 მლრდ გახდება, 2021 წელს 2.5 მლრდ და 2022 წელს – 3.4 მლრდ ლარს. ეს კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა მთავრობა იყოს ვალდებული, რომ ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი მიიმართოს არა მომდევნო არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში", – აღნიშნა პრემიერმა.

























