მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ბიზნესისგან კონკრეტული იდეების შეთავაზებას ელის - ლევან ვეფხვაძე დეტალებზე

ლევან ვეფხვაძე

პრემიერი ბიზნესისგან კონკრეტულ იდეების შეთავაზებებს ელის, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ კონფერენციის – „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კონფერენცია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. როგორც ლევან ვეფხვაძემ თქვა, პრემიერმა ბიზნესთან სხვადასხვა საკითხზე ინფორმაცია მოისმინა, რომელთა შორის იყო, BAG ინდექსთან დაკავშირებული საკითხები.

„ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პრემიერმა მოისმინა ჩვენი ხედვა და ძირითადი ტენდენციები, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის კეთებას უკავშირდება. მთავრობა, პრემიერ-მინისტრი მზად არის ბიზნესთან ითანამშრომლოს და ბიზნესისგან კონკრეტული იდეების შეთავაზებას ელიან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, რაც ძალიან სწორი მიდგომაა.

შიდა დისკუსიები გვექნება და შეთავაზებები ცხადია ასოციაციიდანაც აუცილებლად გაჟღერდება. ჩვენ გვექნება სექტორული შეთავაზებები, მომზადებული დოკუმენტები და ეს დოკუმენტები შემდეგ მთავრობასთან ერთად განიხილება.

პრემიერს მიეწოდა ინფორმაცია ბიზნეს კლიმატის ინდექსის შესახებ; დასაქმების კუთხით; ხელფასების ზრდის კუთხით, ანუ წლების მიხედვით როგორ მოხდა ხელფასების ზრდა. ამასთან გამოიკვეთა კვალიფიციური კადრების და სამუშაო ძალასთან დაკავშირებული პრობლემა.შეხვედრაზე შემთხვევით არ ყოფილა მიწვეული განათლების მინისტრი, ჩვენ აქტიურად მოგვიწევს ამ სამინისტროსთან ამ მიმართულებაზე მუშაობა, რომ ინვესტიციების განხორციელების ხელის შემშლელი ფაქტორი აღარ იყოს კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.

დიალოგი იმისთვისაა საჭირო, რომ შენარჩუნებული იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა. რატომ უნდა სჭირდებოდეს მთავრობას ბიზნესის მოსაზრებები? - იმიტომ რომ მგონია ბიზნესში მრავალი კომპეტენციაა და ჩვენი მოსაზრებები ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე იქნება მომზადებული“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები