საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბულგარეთთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს.
ამის შესახებ ბახტაძემ ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში, ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
პრემიერმა ბულგარელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მიხარია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო ღონისძიებების პარალელურად მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების აქტიური დინამიკის მომსწრენი ვართ. დღეს ჩვენ შევთანხმდით, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა შევინარჩუნოთ და სამომავლოდ გავაძლიეროთ ეს დადებითი ტენდენცია.
შევთანხმდით საქართველოსა და ბულგარეთს შორის მრავალი მიმართულებით ურთიერთობების განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფაზე.
ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები წარმატებით ვითარდება. გვახარებს იმის აღნიშვნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში მოექცა ბულგარეთი. თუმცა, სამომავლოდ ვხედავთ სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვან პოტენციალს.
დიდად ვაფასებთ ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებით საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობათაშორისი კომისიის ქმედით მუშაობას.
მივესალმებით კომისიის ბოლოდროინდელ შეხვედრას, რომლის დროსაც შევთანხმდით და შევაჯერეთ პოზიციები მთელ რიგ მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე და გამოვავლინეთ სამომავლო ნაბიჯები, რომელთა გადადგმა იქნება საჭირო ამ მიმართულებით პარტნიორობის კიდევ უფრო დასაახლოებლად.
საქართველო და ბულგარეთი გეოგრაფიულად არიან დაკავშირებული. ჩვენს შორის ბუნებრივ ხიდად წარმოჩინდება შავი ზღვა, რაც უნიკალურ შესაძლებლობებს გვიქმნის და უზარმაზარ პოტენციალს ატარებს. მზად ვართ, ის სრულად გამოვიყენოთ, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში. დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საბორნე მიმოსვლის სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს, საქართველოსა და ბულგარეთის საზღვაო პორტებს შორის კავშირების განსამტკიცებლად.
ამავდროულად, შევთანხმდით კიდევ ერთი, თან ორივე ერისთვის უნიკალური პროექტის დაწყებაზე. ის არა მარტო ჩვენთვის იქნება უნიკალური, არამედ მთელი რეგიონისთვის და აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში შევძლებთ გამოვაცხადოთ ახალი ციფრული დერეფნის შექმნა, რომელიც ბულგარეთს საქართველოსთან დააკავშირებს და ამდენად აღმოსავლეთს - დასავლეთთან“, - განაცხადა პრემიერმა.

























