მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ჩინეთს, რომელმაც გაეროში საქართველოს დევნილებზე რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მადლობას უხდის

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ჩინეთს, რომელმაც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე გაეროში რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას ეხება, საქართველო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს, თუმცა მას ჩინეთის მხარდაჭერა არასდროს ჰქონია. ჩინეთმა, რომელიც გასულ წელს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდა, რეზოლუციას მხარი არც 4 ივნისის ასამბლეაზე დაუჭირა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთს, პოზიციის შენარჩუნებისთვის, მადლობა გადაუხადა.

"მადლობა ჩინეთს იმისთვის, რომ შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია", - თქვა პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ გაერო-ს რეზოლუცია სუვერენიტეტის და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ ეხებოდა და ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, წლიდან წლამდე იზრდება რეზოლუციის მხარდამჭერების რაოდენობა, რაც საგარეო უწყების მუშაობის დამსახურებაა.

"სამინისტრო მუდმივ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს. შარშან პირველად მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვი დავაფიქსირეთ მხარდაჭერის და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურებაა და მადლობა მინისტრს, მთლიანად სამინისტროს და თითოეულ დიპლომატს", - თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები