პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჩვენი განსაკუთრებული გამოწვევაა, საქართველოს უნიკალური ბუნება შევინარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის - aigroup-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ წლობით დაგროვილ ეკო პრობლემებს გადავჭრიდით და მწვანე ეკონომიკა გახდებოდა პრიორიტეტი. მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც მინდა გავიმეორო, რომ საქართველოს აქვს ორი სიმდიდრე - ეს არის ჩვენი საზოგადოება, ადამიანები და უნიკალური ბუნება - სამოთხე დედამიწაზე.
21-ე საუკუნეში რომლის ხელწერა იქნება მაღალი ტექნოლოგიები და სწრაფი განვითარება, ჩვენთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, ჩვენი უნიკალური ბუნება შევუნარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს.
ობიექტურად, დიახ, ჩვენ გვაქვს ეკოლოგიური გამოწვევები საქართველოში, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები და უფრო მეტიც - როგორ უნდა გახდეს საქართველო მოწინავე თავისი მწვანე ეკონომიკით და მწვანე პოლიტიკით“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ეკოლოგიური გამოწვევების დიდი ნაწილი სწორედ თბილისში თავმოყრილი.
ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: aienergy-ი, aicar-ი aipower-ი და aiproduction-ი.
ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნეს ჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი მოიცავს "ქარშეარინგის", ელექტროდამტენების და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს და კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა. სულ რამოდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომპანია Aigroup-სა და უმსხივლეს 157 წლიანი ინდუსტრიული ისტორიის მქონე, ჩინურ კომპანია Changan-ს შორის. მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.
რაც შეეხება aigroup-ში შემავალ კიდევ ერთ კომპანია "aicar“-ს, „aicar“-ის მუშაობის მთავარი პრინციპია დაზოგო დრო და ფინანსები, ამ კუთხით ის მომხმარებელს მოქნილ სერვისს ე.წ საზიარო ავტომობილს სთავაზობს. მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში aicar-ის მანქანა და გადაადგილდეს სასურველი მიმართულებით. ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება. აღსანიშნავია, რომ aicar-ის ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია.
aipower - ესაა კომპანია რომლის მიმართულებაც მზის ელექტროსადგურებისა და პანელების დამონტაჟება იქნება. დასაწყისისთვის იგეგმება მზის ელექტრო სადგურების ეტაპობრივად დამონტაჟება დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების სახურავებზე. გამოყენებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების ბოლო მიღწევები, განახლებადი ენერგიის მიღებისათვის. მზის სადგურები გაზრდის ენერგიის წარმოებას უმოკლეს ვადებში და შეამცირებს იმპორტს. რაც თავის მხრივ შეამცირებს დამოკიდებულებას იმპორტირებულ გაზზე.
aienergy-ს მიერ, სერვისის ფარგლებში, დედაქალაქში დამონტაჟდება დამტენი მოწყობილობები, მათ შორის, სწრაფი დამტენები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მანქანის დამუხტვა.
aiproduction-ი კი, ითვალისწინებს პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოებას საქართველოში. შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრო მანქანებით მოამარაგებს არა მხოლოდ ქართულ ბაზარს არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას.პირველი ქართული ელექტრომობილის წარმოება, წლის ბოლომდე იგეგმება.

























