"ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო ხდება ინვესტიციების, ბიზნესის კეთების, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტის ცენტრი," - განაცხადა ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, "საქართველო უკვე არის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კორიდორის ნაწილი. კასპიური ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, რომლებიც თურქეთსა და ევროპაში მიემართებიან, საქართველოს კვეთენ. ახალი სარკინიგზო ხაზი ამ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს. შავი ზღვის სანაპიროზე ახალი პორტები კი, საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობას განამტკიცებენ."
სასტუმრო "ჰილტონში" მიმდინარე ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელებენ. ფორუმის პირველ სესიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობს.

























