"ჩვენ მცირე ზომის ეკონომიკა გვაქვს და ბუნებრივია, ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები, თავისი დიდი ეკონომიკით, გავლენას ახდენენ ლარის კურსზე და ზოგადად, მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე", - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
როგორც ბახტაძე აღნიშნავს, ქვეყანაში ის აქტიური პროცესი მიმდინარეობს, რასაც სავაჭრო დეფიციტის შემცირება ჰქვია.
"საქართველოში ეკონომიკური მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი, აქედან გამომდინარე, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე", - განმარტა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, ლარის გაუფასურებაზე თურქეთში განვითარებულმა ეკონომიკურმა მოვლენებმა გავლენა იქონია.
"იმ ეკონომიკურმა მოვლენებმა, რომელსაც ადგილი აქვს თურქულ ეკონომიკაში, ბუნებრივია თავისი გავლენა იქონია, მაგრამ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც მე დაგისახელეთ და ასევე, იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები ძალიან მასშტაბური და მყარია, ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ძალიან მდგრადი. აქედან გამომდინარე, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს ძალიან მოკლევადიანი ასახვაა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საუბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საქართველო არსებობს იმ რეგიონში, სადაც გარკვეული რისკების ან შოკების საფრთხე ყოველთვის იქნება, ხოლო სახელმწიფომ ლარიზაციის გეგმა სწორედ ამიტომ დაიწყო.
ცნობისთვის, 21 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით 0.02 ლარით გაუფასურდა და 2.7676 ლარი შეადგინა.

























