მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ევროპაში ჩარტერული რეისით გაფრინდა, ხოლო იქიდან აშშ-ში - რეგულარულით - სტრატკომის განმარტება

პრემიერი
BM. GE
07.09.23 12:11
30

საქართველოს მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩაფრინდა ჩარტერული რეისით, ხოლო იქიდან აშშ-ში რეგულარული რეისით გაემგზავრა. 

"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით,  სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ  საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა", - ნათქვამია სტრატკომის განცხადებაში. 

BMG ცდილობს, მეტი დეტალის გასარკვევად მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდეს და დამატებით კითხვებზე პასუხები მიიღოს. 

საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა გუშინ, სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი იმის თაობაზე, რომ აგვისტოში ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა, მაგრამ ხარჯები ბიუჯეტიდან არ გაწეულა. 

"კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით, რომ  აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში  გაემგზავრა  საკუთარ შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა.  ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია.

ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და  არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა. 

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. 

პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას", - წერდა ნინო გიორგობიანი.

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი, სავარაუდოდ, უკავშირდება სიუჟეტს, რომელსაც "TV პირველი" ამზადებს. ამის შესახებ გუშინ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ასევე სოციალურ ქსელში დაწერა. "ნოდარ მელაძის შაბათის" გადაცემისთვის მზადდება სიუჟეტი პრემიერის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. მადლობა ჩვენი გადაცემის დაანონსებისთვის,  ბევრს და ძალიან საინტერესო დეტალებს ნახავთ შაბათს, 9 სექტემბერს შაბათის ეთერში!", - აცხადებს ნოდარ მელაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები