საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ფოთში პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით მედიასთან პირველი კომენტარს აკეთებს.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, დოკუმენტი ეკონომიკის მინისტრთან შეთანხმებული არ იყო და მისი გაუქმება მოხდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ სსიპ-ს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლოა ჰქონდა სხვადასხვა ტიპის დოკუმენტის გაცემის საშუალება, ის არ შეთანხმდა მინისტრთან და ის იყო სამართლებრივად ხარვეზიანი და მისი გაუქმება მოხდა.
აქედან გამომდინარე, ნებართვამდე საქმე ვერც მივიდოდა. ჯერ დოკუმენტის შინაარსში გავერკვიოთ.
მეორე, ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, რომელსაც პირნათლად ვასრულებთ ყველას მიმართ“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ წინ ღამით ფოთის პორტის მმართველმა კომპანია APM Terminals-მა გაავრცელა განცხადება, რომ მათ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტისთვის სამშენებლო ნებართვა მიიღეს. აღნიშნულზე მეორე დღესვე გააკეთა განმარტება ეკონომიკის სამინისტრომ და ნებართვა გააუქმა, ამასთან, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელმაც უშუალოდ გასცა მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ დოკუმენტი.

























