„რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქვეყანაში კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე საუბრისას განაცხადა.
ბახტაძის განმარტებით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. მისივე განმარტებით, მსგავსი პროექტები 2022 წლის ჩათვლით დასრულდება.
„რა თქმა უნდა ამ პროექტს სჭირდება ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს მხედველობაში, თუ რა დამატებით სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს მოქალაქეებს და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო პროექტი, რომელიც ჩვენ შარშან განვახორციელეთ, ეს იყო საბაგირო ახალი, რომელმაც დააკავშირა კობი გუდაურს.
ჩვენ შედეგად მივიღეთ, რომ კობი გაცოცხლდა, მასში შევიდა ახალი სიცოცხლე და თქვენ დღეს ფაქტობრივად ვერ ნახავთ თავისუფალ ადგილს, რომელზეც არ მიდიოდეს საუბარი, რომ ახალი სასტუმროა ასაშენებელი ან ახალი ტურისტული ობიექტი. ასეთმა პროექტმა ჩვენ საშუალება მოგვცა რომ თრუსოს ხეობაში შეგვეტანა ახალი დინამიკა და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ეს ორივე ძალიან ლამაზი ადგილი ინტენსიურად განვითარდება. პირადად ჩემთვის ეს არის ორიენტირი, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა საქართველოში.“ - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა დასრულდა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოვიდა. ანგარიშის წარდგენას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე; ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; მინისტრის პირველ მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე; მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

























