ბოლო დღეების განმავლობაში ლარი დაბრუნდა იმ ნიშნულზე, რომელიც მთლიანდ შეესაბამება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
"არავისთვის არ არის ეს კარგი, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც მოქალაქეების სესხები არის დოლარიზებული. 65%-ზე მაღალია ქვეყანაში საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, როდესაც შემოსავლები გაქვს ეროვნულ ვალუტაში, ძალიან მძიმედ ურტყამს, ჩვენს მოსახლეობას და ასევე ბიზნესს, რომელსაც ანალოგიურად სესხი აქვს დოლარში და შემოსავალი ლარში, ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, რომ ლარის გაუფასურება დაეკავშირებინათ იმ ნაბიჯებთან, რომელიც მთავრობამ ე.წ. ლარიზაციის გეგმის სახით გამოაცხადა. ამ ორ მოვლენას შორის აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ არსებობს. გამოჩნდა კიდეც. ის აჟიოტაჟური კომპონენტი გაუფასურების ბოლო დღეების განმავლობაში მოიხსნა და ლარი დაბრუნდა იმ ნიშნულზე, რომელიც მთლიანად შეესაბამება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციას.
პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ბრალიც დავდო იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ქმნიდნენ ამ აჟიოტაჟს. რომ ის 0,15 თუ 0,20 , რომლითაც ლარი გაუფასურდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში და დაბრუნდა მაჩვენებელზე, ეს იყო მთლიანად, აბსოლიტური აჟიოტაჟური კომპონენტი. ეს ცხადიც არის, დღევანდელ დღეს ლარი გარკვეულ დონეზე არის დასტაბილურებული. დღეს ლარი არის იმ სიტუაციის გამომხატველი, რაც გვაქვს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. დღეს რომ გვქონდეს უფრო მყარი ვალუტა, ეს მნიშვნელოვნად დააზიანებდა ქვეყნის ექსპორტს და ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. ეს ხელს შეუწყობდა იაფი იმპორტის წამოსვლას და ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

























