მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი: მსხვილი ბიზნესი სავალუტო რისკებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს

5ce6da73c2557
დავით ჯალაღონია
23.05.19 21:30
780

პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს.

როგორც მან "TV პირველზე", ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას განაცხადა, ლარის კურსის მერყეობაზე არ უნდა იყოს მოქალაქე დამოკიდებული და ეს დოლარიზაციის დონის შემცირებით არის შესაძლებელი, რასაც ხელისუფლება აკეთებს კიდეც.

ამასთან, ბახტაძე ექსპერტების იმ ნაწილის მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, რომლებიც თვლიან, რომ მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, წინასაარჩევნო პერიოდში ლარის კურსს ხელოვნურად ინარჩუნებს და არჩევნების დასრულებისთანავე უკვე ეროვნული ვალუტის გაუფასურება იწყება.

"ეს ე.წ ექსპერტები, მალე წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი იქნება, იმასაც საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო, ან პოსტსაარჩევნო პროცესს დააბრალებენ. ასეთ საკითხებზე სერიოზული განმარტებაც კი ზედმეტია. რამდენიმე დღის წინ სსფ–ის ხელმძღვანელი გვსტუმრობდა. მისი განცხადებები მგონი, ყველას კარგად დაგვამახსოვრდა. ეს არის ობიექტური შეხედულება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, რაც ბოლო ორი–სამი დღის განმავლობაში ხდება – ვიცით, რომ თურქეთი არის ჩვენი ძალიან მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. იქ ჰქონდა ადგილი ლირის დევალვაციას და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენზე აისახა, მაგრამ ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელზეც მე მოგახსენეთ, დასკვნა არის მარტივი, ეს ყველაფერი ძალიან მალე დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.

ეს საკითხი წარსულშიც იყო პრობლემა, დღესაც არის და არ შეიძლება ამაზე მომავალშიც ვისაუბროთ. ამას სჭირდება სისტემური გადაჭრა, რომ არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდეს არანაირი რისკები დაკავშირებული იმასთან, რომ გლობალურ ეკონომიკაში, ან მეზობელ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების გამო, მისთვის პირობების გართულება მოხდეს. ეს მიღწევადია ძალიან სწორი პოლიტიკის შემთხვევაში" – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ამ პოლიტიკის შედეგად, დღეს უკვე ეროვნულ ვალუტაში იპოთეკური სესხები 8%–ად, ან მასზე უფრო იაფადაც გაიცემა.

"დღეს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს წვდომა ლარში ადეკვატურ სესხზე. რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, ის უნდა იყოს პასუხისმგებელი სავალუტო რისკებზე. არის ფინანსური ინსტრუმენტები, რითაც ეს რისკები ეზღევვა, ხოლო სახელმწიფო პასუხისმგებელი უნდა იყოს თავის მოქალაქეზე, რომ მის მიერ აღებული სესხი არ აღმოჩნდეს უცებ გაზრდილი. მე ამას ვამბობ და ამას უზრუნველვყოფთ", – აღნიშნა პრემიერმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები