პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მას კომპანია ომეგას წარმომადგენლებთან და აქციონერებთან კომუნიკაცია ჰქონდა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობა ბიზნესის მიმართ კეთილგანწყობილია, თუმცა მათ დავალიანება უნდა გადაიხადონ.
„მე მქონდა შეხვედრა და მქონდა კომუნიკაცია ამ კომპანიასთან (ომეგა) და მის აქციონერებთან. ჩვენ ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ ვინც სამუშაო ადგილს ქმნიან ქვეყანაში. თუ სწორად მახსოვს 11-ჯერ გადაუვადდა ამ კომპანიას სანქციების გამოყენება. თუმცა ჩვენ დავინახეთ ნეგატიური ტენდენცია და კომპანიამ კიდევ უფრო გაზარდა დავალიანება. არსებობს ბიზნეს საქმიანობა, არსებობს თამბაქოს წარმოება და სააქციზო გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს. მედია პლურალიზმი ჩვენი მთავარი მონაპოვარია, მაგრამ რაც შეეხება კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ. ის რომ აქციონერებს აქვთ დამატებით ტელევიზია ეს არ ნიშნავს რომ მათ გადასახადი არ უნდა გადაიხადონ. თუ ეს დავალიანება დაგროვდა უნდა შეიქმნას ისეთი გრაფიკი რომ დაიფაროს, მიდგომა იყო ასეთი - 11-ჯერ მოხდა გადავადება.
საქართველოში არის კანონის უზენაესობა. შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გადადგავენ იმ ნაბიჯებს რაც საჭიროა, საქართველოში ხელშეუხებელი არავინაა“, - განაცხადა ბახტაძემ.