საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „გურიანიუსის“ ჩოხატაურის ოფისში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან წარჩინებული სტუდენტების ნაწილს და ოქროს მედალოსნებს შეხვდა.
მთავრობის მეთაური სტუდენტებს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემა, რომელსაც სახელმწიფო აწვდის ახალგაზრდებს, უნდა იყოს ექსპორტზე, მინიმუმ, რეგიონულ ბაზარზე გათვლილი და ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი.
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პედაგოგთა კორპუსს დიდი პატივი უნდა ვცეთ. არ შეიძლება, იგივე მოსწავლეების თვალში ვაფიქსიროთ უპატივცემულობა, საჯაროდ გამოცდების ჩატარება და შემდეგ იმის თქმა, რამდენი პროცენტი ჩაიჭრა. ეს დამოკიდებულება მთავრობის მხრიდან შესაცვლელია. არ ვამბობ, რომ განათლების ხარისხი და მასწავლებლების მომზადების დონე არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს სხვაგვარი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბევრი რამ არის შესაცვლელი საშუალო განათლებაშიც, მათ შორის, სასწავლო გეგმებში, სახელმძღვანელოებში თუ ა.შ. რაც შეეხება სისტემის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, პრემიერის თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის მეშვეობით 2 ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტს მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ექნება.
"ეს არის მართლაც რევოლუციური პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს მთლიანად საგანმანათლებლო სისტემაში. საუკეთესო ლექციების, საუკეთესო გაკვეთილების ლაივში მოსმენა იქნება შესაძლებელი ნებისმიერი სკოლის პირობებში, მაგალითად ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში და ეს იქნება ძალიან კარგი ასევე მასწავლებლების მომზადებისთვის, კონკურენციისთვის და ა.შ მთლიანობაში რომ ვთქვათ, განათლების სისტემა ძალიან სერიოზულ ცვლილებებს გადის და იმედი გვაქვს, ამ ცვლილებების შედეგად, თაობა, რომელიც დაამთავრებს სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს იქნება გაცილებით უფრო მომზადებული თანამედროვე ცხოვრებისთვის, იქნება უფრო კონკურენტუნარიანი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა პრემიერთან არსებული „განთლების საერთაშორისო ცენტრის“ შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს, საჯარო სექტორისთვის მოსამზადებლად, სასწავლებლად საზღვარგარეთ აგზავნის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მომზადებული თაობა გაძლიერდეს და შეიქმნას ადამიანთა გუნდი, რომელიც გამოცდილებას სხვებს გაუზიარებს.
„ეს ყველაფერი ერთად, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს, არა მარტო განათლების სისტემაში, არამედ მთლიანად ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

























