"თუ იქნება ჩამორჩენა იმ ტემპებზე, რაც არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა, საკადრო გადაწყვეტილებაც არ დააყოვნებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
ბახტაძის თქმით, უახლოეს მომავალში მინისტრთა კაბინეტის ცვლილება არ იგეგმება.
"რაც შეეხება მიდგომას, რომელიც მხოლოდ მინისტრთა კაბინეტს არ შეეხება და ეს აღმასრულებელი ხელისუფლების მთელ ვერტიკალს ეხება, ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს. თითოეული ჩვენი ინიციატივა, რომელიც ჩემი მთავრობის პირობებში არის წარდგენილი, ეს არის პასუხისმგებლობა მოსახლეობისადმი და ეს მოიცავს მხოლოდ იმ რეფორმებს, რომელიც დაწყებული გვაქვს, ან უნდა დავასრულოთ.
მე მინდა შედეგი, მოსახლეობას უნდა შედეგი. იმ რესურსის მართვას, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაშია, მაღალი ხარისხის ეფექტური მენეჯმენტი სჭირდება. ჩვენი გუნდის თითოეულმა წარმომადგენელმა ეს კარგად იცის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

























