მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერი: სამწუხაროდ, პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო

5ccdc864e9faa
დავით ჯალაღონია
04.05.19 21:11
958
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პანკისის ხეობაში ორი კვირის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ორშაბათს პანკისის მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმება.

"სამწუხაროდ, პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს არ შეეფერება ჩვენს წარსულს, აწმყოს და არც მომავალს და იმ ქვეყანას, რომელსაც ვაშენებთ. კიდევ ერთხელ მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ქვეყნის შვილების მიმართ, რომლებიც ამ ულამაზეს კუთხეში ცხოვრობენ.

ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მძიმე კადრები იხილა და ბუნებრივია, ეს დაუშვებელია. ჩვენ მომზადებული გვაქვს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა. იქ არსებობს პრობლემები, რაც ისტორიულად დაგროვდა და მას ობიექტურად სჭირდება გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ, 2-3 თვეში ყველა პრობლემა გადაიჭრას, მაგრამ ვფიქრობ, წარმოდგენილი გეგმა გამოწვევებს კარგად პასუხობს. ჩვენი სამინისტროები ძალიან აქტიურ კონტაქტზე არიან პანკისში მცხოვრებ მოქალაქეებთან, მეც ძალიან ბევრი წერილი მივიღე ამ საკითხთან დაკავშირებით. ორშაბათსაც იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრა და მე დარწმუნებული ვარ, ღირსეულად შევძლებთ გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობაში", - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურის "ხადორი – 3"–ის მშენებლობას აპროტესტებდა. ამ ეტაპზე ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები