მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი - შეძენილია სამი ვერტმფრენი

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამი სამაშველო ვერტმფრენი უკვე შეძენილია.

“გუშინ სამაშველო ვერტმფრენებმა იმუშავეს და ყველა უვნებელი გამოიყვანეს ვინც იყო ნაპოვნი. 210 ადამიანი გამოიყვანეს.

სამი ვერტმფრენი არის შეძენილი,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ვერტმფრენების შეძენის გადაწყვეტილება მთავრობამ 2022 წელს მიიღო და მათი მოწოდება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, 2024 წლისთვის უნდა მოხდეს. საუბარია Airbus-ის სამაშველო კატეგორიის  H 145 სამ ვერტმფრენზე.

2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ღირებულება 26.5 მილიონ ევროს შეადგენს.

პირველი პირველი შვეულმფრენის მიღება 17 თვის, მეორე შვეულმფრენის - 19 თვის განმავლობაში, ხოლო, მესამე შვეულმფრენის 20 თვის განმავლობაში მოხდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ვერტმფრენების მოწოდება არაუგვიანეს 2024 წელს უნდა მოხდეს.
„H145 მცირე ზომის მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. იგი აღჭურვილია 2 ძრავით, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ვინაიდან ერთი ძრავის დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია მეორე ძრავმა აიღოს სრული დატვირთვა, მას გააჩნია დახურული კუდა ხრახნი, რაც უსაფრთხოების მხრივ უნიკალურია ... და შეუძლია 6000 მეტრის სიმაღლეზე ოპერირება“, - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში.

ამავდროულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანახმად, მთავრობა 5.5 მილიონ ევროდ ყიდის წინა ხელისუფლების დროს შესყიდულ “სუპერ პუმას” AS-332 L1e ტიპის ვერტმფრენს, რომელსაც მისი მწარმოებელი შეიძენს. "სუპერ პუმას" გაყიდვის გეგმაზე კიდევ ერთხელ ცნობილი გახდა 2022 წლის 29 აგვისტოს. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ ეს ვერტმფრენი ფუფუნებისთვის იყო განკუთვნილი.

ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა, რომ "სუპერ პუმას" ვერტმფრენებს გაყიდდნენ და მიღებული თანხით სამაშველო ვერტმფრენებს შეიძენდნენ, თუმცა როგორც ირკვევა აღნიშნული არ მომხდარა.

2010 წელს კომპანია EUROCOPTER-ის "სუპერ პუმას" ორი ვერტმფრენის შესყიდვა ბიუჯეტს 55 მილიონი ევრო დაუჯდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები