საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას საქარველს მთავრობის გეგმაში დიდი ადგილი უჭირავს.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ “მწვანე პოლიტიკა” - ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაა მსფლიოში, რომელიც სწრაფად გადაჭრას საჭიროებას.
ამ კუთხით, პრემიერმა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საწვავის ხარისხის გაუმჯობესება არის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის თვალსაზრისით.
„2017 წლიდან ჩვენ შემოვიღეთ ბენზინის უფრო მაღალი, „ევრო 5“ სტანდარტი. გასული წლის ბოლოს მთავრობამ მიიღო ახალი რეგულაციები და 2019 წლის 1 იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხი „ევრო 4“ სტანდარტს გაუტოლდა, ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან კი, საქართველო „ევრო 5“ სტანდარტზე გადავა. დიზელის საწვავის სტანდარტის გაუმჯობესებასთან ერთად 2019 წელს გააქტიურდა მასში გოგირდის შემცველობის ნორმასთან შესაბამისობის კონტროლიც. მომავალ წელს ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ შემოწმებებს ამ თვალსაზრისით. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მთავრობამ თბილისის მერიასთან ერთად შეიმუშავა 40-პუნქტიანი გეგმა, სადაც გაწერილია ძალიან კონკრეტული და ქმედითი ღონისძიებები, რომელთა შესასრულებლადაც აქტიურად მუშაობს ყველა უწყება. როგორც იცით, გასული წლის 1 აგვისტოდან ქვეყანაში ჰაერის ხარისხის შეფასება ხდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით და აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება“, - განაცხადა პრემიერმა.
ბახტაძის თქმივე, ასევე შემუშავებულია ახალი რეგულაციები მსხვილი სამრეწველო ობიექტებისთვის, რაც თანამედროვე ევროპული ნორმების დაწესებას ითვალისწინებს.
„მოგეხსენებათ, წელს სრულად ამოქმედდა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სისტემა და ეტაპობრივად მოხდება ავტოპარკის ე.წ. „გაახალგაზრდავება“.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს მუნიციპალური ავტობუსების პარკის სრულიად განახლებას.
მისასალმებელია, რომ თბილისის მერიას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები აქვს ამ თვალსაზრისით და ჩვენ მათ ამ ინიციატივას სრულად ვუჭერთ მხარს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც. სამწუხაროა, რომ ამ მხრივ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა არ იყო სრულყოფილი. აუცილებელია ისეთი რეგულაციების შემოღება, რომელიც ამ სფეროს მოაწესრიგებს. უკვე შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილია პარლამენტში“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერს მიაჩნია, რომ გარემოს დაცვის კუთხით, საზოგადოებაში ღრმა კულტურული გარდატეხა უნდა მოხდეს.

























