აპირებს თუ არა ხელისუფლება საბანკო რეგულაციების გადახედვას - ამის შესახებ შეკითხვა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაუსვეს.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე არის დაკვირვების რეჟიმი, ეროვნულ ბანკს აქვს კომუნიკაცია კომერციულ ბანკებთან. ანალიტიკოსები კი პირველი კვარტლის მონაცემებს ელოდებიან.
“თუ რომელიმე სექტორს შეეხება ეს რეგულაციები ისე, რომ მათი სწრაფი განვითარებისთვის აღმოჩნდება ბარიერი, ბუნებრივია, თითოეული ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ამ რეგულაციაზე, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს”,- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა არ დაწყებულა პირველი იანვრიდან და ამისთვის გასული წლის მაისიდან გადაიდგა ნაბიჯები ეროვნულ ბანკთან ერთად.
“თქვენ იცით, ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. გვქონდა სრულიად არაჯანსაღ მოვლენასთან საქმე, როდესაც, ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც განვითარებადია, დაგვიფიქსირდა, რომ საცალო სესხების მოცულობა რამდენჯერმე აღემატებოდა ბიზნეს სესხების რაოდენობას. ეს იყო დაკავშირებული უპასუხისმგებლო დაკრეიტების სისტემასთან, იმ არასამართლიან რეგულაციებთან, რომლებიც გვქონდა, თუ არარსებულ რეგულაციებთან.
ჩვენი სისტემა ეფუძება ევრიპის საუკეთესო პრაქტიკას, სადაც დაცულია როგორც მომხმარებლის, ასევე კრედიტორების უფლებები. საქართველოში აღრა მოხდება, რომ წინასწარ გაკოტრებისთვის გამიზნული სესხები გაიცეს. ეს აღარ მოხდება. ამას უნდა შეეგუოს ყველა.
იცით, რა შეფასებები გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან. ყველა მიესალმა ამ რეფორმას. ის, რომ საქართველოს გაუზარდეს სუვერენული რეიტინგი, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო.
ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ამის შესახებ განმარტება, მე ვიცი, რომ მათ აქვთ ძალიან აქტიური მოლაპარაკება კომერციულ ბანკებთან. ამასთან, ანალიტიკოსები ელოდებიან პირველი კვარტლის მონაცემებს და ამის შემდეგ მთელმა საზოგადოებამ შეიძლება იმსჯელოს, რომ რომელიმე სექტორისთვის ხომ არ იქნება უმჯობესი სხვა ტიპის თამაშის წესების შემოღება.
იმ ნაბიჯებმა, რომლებიც გადავდგით, საშუალება მოგვცა დაგვეზღვია ჩვენს ეკონომიკაში სისტემური რისკი და მოგვცა საშუალება მომხდარიყო ისეთი პროექტების დაჩარება, როგორიც არის ლარიზაცია”,- განაცხადა ბახტაძემ.

























