პრემიერი წულუკიანზე – არსებობდა საკითხი, რაზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საკითხი უკვე შეჯერებულია.
"თეა არის ჩვენი გუნდის წევრი პირველი დღეებიდან, მაშინ როცა ყალიბდებოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მას აქვს ძალიან დიდი წვლილი იმ წარმატებაში, რაც ჩვენ გავქვს. ასევე მინდა გითხრათ, რომ დიახ, არსებობდა ერთ–ერთი საკითხი, ინიციატივა, რაზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა, მსჯელობა და ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა, რომ მოვახდინო საკითხის შეჯერება და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება. საკითხი შეჯერებულია, აზრთა თანხვედრა არის კონკრეტულ ინიციატივასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იყო ის თემა, რამაც წულუკიანი თანამდებობიდან წასვლის წინაშე დააყენა.
"ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით", – განაცხადა პრემიერმა.