კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას“ მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი, ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე, მთავრობის მიერ სასურსათო პროდუქტების გაიაფების მცდელობას სკეპტიკურად უყურებს.
რევაზ ვაშაკიძე ერთ-ერთია იმ მწარმოებლებს შორის, რომელსაც მთავრობის ე.წ. „ფასების კომისია“ შეხვდა.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სურსათზე ფასების შემცირების კამპანიისგან მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგს არ ელის და მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრისთვის ეს პროცესი რეპუტაციული რისკის შემცველია.
„პრობლემა არის ძალიან სერიოზული. მე რომ ვყოფილიყავი ბატონი ირაკლის [კობახიძის] ადგილზე, ამ პრობლემას საერთოდ არ შევეხებოდი, იმიტომ რომ ძნელია და რეპუტაცია შეიძლება გაიფუჭოს... შედეგი არ დაიდება, კარგად გამიგეთ. მოკლევადიანში შედეგი არ დაიდება და გრძელვადიანში - შეიძლება“, - ამბობს ბიზნესმენი.
ამასთან, რევაზ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ თუ ფასები დროებით მაინც დაიწევს, გრძელვადიანად ბაზარს ვერ გააჯანსაღებს.
„რა თქმა უნდა, ბიზნესი მოწყვლადია. ჩემთან რომ მოვიდეს სუს-ი და მითხრას, ფასი ორჯერ შეამცირეო, შევამცირებ; შეიძლება სამჯერაც [შევამცირო], მაგრამ ეს არ არის გამოსავალი... ჩემი რჩევა იქნება, ამ საკითხის მიმართ მიდგომა იყოს უფრო საკანონმდებლო [დონეზე]“, - აღნიშნა მან.
ბიზნესმენის თქმით, სასურსათო პროდუქტების სიძვირე, როგორც პრობლემა, იმაზე კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რატომ ღირს საქართველოში სასურსათო პროდუქტები ძვირი? - რევაზ ვაშაკიძემ გაიხსენა პირადი გამოცდილება, როდესაც 2018-2019 წლებში თბილისის მერიამ „ჩირინას“ გაყიდვების წერტილები გააუქმა, რამაც კომპანია აიძულა, პროდუქტი გაეძვირებინა, რადგან ახალი, დამატებითი ინვესტიციების განხორციელება მოუწია.
„დაახლოებით, 70-80 წერტილი გვქონდა ქალაქში და ყველა კმაყოფილი იყო. მერიის მოადგილე [ირაკლი ხმალაძემ] რუკა გაშალა და გვითხრა - თქვენი ყველა ჯიხური წითელ წერტილშია და უნდა აიღოთო... დენიც კი გაგვითიშეს, სადაც ნედლი ქათამი გვქონდა. 4-5 მილიონი ლარის ზარალი მივიღეთ. მოგვიწია ახალი წერტილების იჯარით აღება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამან ქათმის ხორცის გაძვირება გამოიწვია“, - თქვა რევაზ ვაშაკიძემ, თუმცა გადაცემის წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ეს ისტორია დღეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე არ მოუყოლია.
რევაზ ვაშაკიძე გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსავალს წარმოების ინდუსტრიულ მასშტაბსა და საკანონმდებლო რეგულაციებში ხედავს.
ბიზნესმენი სთავაზობს მთავრობას, კანონით დაარეგულიროს ქსელურ მარკეტებში ხორცის განყოფილებების არსებობა, რათა მწარმოებელს არ უწევდეს დამატებითი მაღაზიების შენახვა და პროდუქციის პირდაპირ ჩაბარება შეეძლოს.
რევაზ ვაშაკიძის ინფორმაციითვე, „ჩირინას“ მიერ წარმოებული ხორპროდუქტების 95% თავისივე ქსელში იყიდება და მხოლოდ 5% შეაქვს „კარფურის“ ქსელში.
კიდევ ერთი გამოწვევა, რაც ადგილობრივ წარმოებას აძვირებს, ბიზნესმენის აზრით, წარმოების მცირე მასშტაბი და იმპორტის მიმართ სახელმწიფოს ლოიალურია მიდგომაა.
რევაზ ვაშაკიძის თქმით, „ჩირინას“ აქვს რესურსი, წარმოება გაასამმაგოს, თუმცა ამას არ აკეთებს, რადგან ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული ხორცპროდუქტებით, რომელსაც სახელმწიფო სათანადოდ ვერ არეგულირებს.
„ჩვენ შეგვიძლია, სამი-ოთხი თვის განმავლობაში წარმოება გავზარდოთ სამჯერ და ჩვენ არ ვაკეთებთ ამას. რატომ? იმიტომ, რომ იმპორტის პოლიტიკა ისეთია, რომ ფაქტობრივად, ყველას, ვისაც არ ეზარება, შემოაქვს ქათამი... თუ ჩვენ არ შევიმუშავეთ ჩვენი პოლიტიკა მეფრინველეობაში, მაშინ საერთოდ აღარ გავზრდი წარმოებას, შეიძლება შევამცირო კიდეც. აზრი ხომ უნდა ჰქონდეს - ამხელა წარმოება გვაქვს და არ არის დატვირთული“, - აცხადებს მწარმოებელი.
ადგილობრივი წარმოების გაზრდისთვის და შესაბამისად, სასურსათო პროდუქტების გაიაფების გზას ბიზნესმენი სახელმწიფოს მიერ იმპორტზე კვოტების დაწესებაში ხედავს, რათა ადგილობრივ მწარმოებელს გაუჩნდეს გარანტია, რომ მის პროდუქციას ბაზარზე თავისი ადგილი ექნება.
„ნებისმიერ ქვეყანაში, ევროპულს რასაც ვუწოდებთ, არის კვოტირება. შეაქვთ ზუსტად ის რაოდენობა, რომელიც შესატანია და არა - მეტი. ჩვენთან კი პირიქით ხდება. თუ არ მოხდა საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის ქართული პროდუქციის წარმოდგენაზე, შედეგს ვერ მივიღებთ“, - ამბობს ის.
BMG-თან ინტერვიუში, ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ როგორც მწარმოებელი თავადაც არის დაინტერესებული, პროდუქცია იაფი ღირდეს, რათა მეტი მომხმარებელი ჰყავდეს.
„წერტილი უნდა დავუსვათ სიღარიბეს,“ - ამ სიტყვებით დაასრულა ბიზნესმენმა „წერტილთან“ ინტერვიუ.




























