Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი, თემურ ჭყონია ამბობს, რომ არ მოსწონს ფორმა, რომლის ფარგლებშიც პრემიერი ბიზნესს შეხვდა. მან ამის შესახებ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
ჭყონიამ, რომელიც შეხვედრას არ ესწრებოდა, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შედეგი და არა საუბრები საუბრებისთვის. მან ყურადღება გაამახვილა პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზეც.
"რამდენი წელიწადია მთავრობის სხდომები ტარდება... მე მიყვარს სიახლე... ტარდება ერთი და იგივე შენობაში, ერთი და იგივე ავეჯით, სიტუაციით, არ მომწონს, რომ მრგვალი მაგიდაა და მრგვალი მაგიდის გარშემო განსაკუთრებული ბიზნესმენები სხედან და მეორე რიგში სხვა. თვითონ სისტემურად, შეხვედრის ორგანიზება არ მომწონს, პირველ რიგში, და ასეთი ბევრი მაქვს ნანახი და შედეგი აბსოლუტურად ნულია. უბრალოდ საუბრობენ და ხშირად საუბრობენ, რომ გამოვთქვით კრიტიკული აზრი. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ თუ შედეგი მიუღწევადია და საუბარი საუბრად რჩება, ეს შეიძლება იყოს სუფრაზე და გართობაზე, დიდ შეხვედრებზე, სადაც გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ძალიან ჩქარა, ამ შედეგზე შეიძლება წავიდე კი არა, იქ დავრჩე.
მაგალითად, პატიმრების განთავისუფლება, რომელიც ძალიან მტკივნეულია ნებისმიერი მშობლისთვის, მოქალაქისთვის, უმნიშვნელოვანესი თემაა. არჩევნები სხვა თემაა, იურიდიული პროცესებია, რომელსაც საკანონმდებლო გადაწყვეტილებები სჭირდება, მაგრამ იმ სამართლებრივ სივრცეში, რომელშიც ვიმყოფებით და ვიცით, რომ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება, პატიმრების გამოშვებას არ სჭირდება ვადა გაუვიდეს 15 დღე. ჩემთვის ძალიან მტკივნეული, როდესაც ვუყურებ ამ ახალგაზრდა ბავშვებს, რომლებმაც შეიძლება ძალიან დიდი სასჯელი მიიღონ. უამრავი ადამიანი, მათ შორის მეც, რომელიც სახლში, თავისი საქმით იყო დაკავებული, სიტუაციამ გვაიძულა, გავსულიყავით ქუჩაში. მთავარი ისაა, ვინ შექმნა ეს სიტუაცია",- ამბობს თემურ ჭყონია.
შეგახსენებთ, 23 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.