მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრემიერის განცხადება საარჩევნო კოდექსთან წინააღმდეგობაშია"

5bf26f5b11591
თამუნა დემეტრაშვილი
19.11.18 12:06
1530
იურისტი ლევან ალაფიშვილი bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვალების განულების შესახებ პრემიერის განცხადება, საარჩევნო კოდექსთან წინააღმდეგობაშია.

"ეს ქმედება აუცილებლად სადაო გახდება და აუდიტის სამსახურმა პასუხისმგებლობით უნდა შეისწავლოს, იმიტომ რომ არც უცხოელი და არც ადგილობრივი დამკვირვებლები, ამას ასე ადვილად არ გაატარებენ. მითუმეტეს, როცა ინიციატივას პრემიერ-მინისტრი ახმოვანებს საჯაროდ, საარჩევნო პერიოდში. ამას აგიტაციის ნიშნები აქვს, თან შემოწირულობის სახით და შემოწირულობა როგორ შეიძლება იყოს 1,5 მილიარდი ლარის. აუდიტის სამსახურმა უნდა ივაჟკაცოს", - განაცხადა ალაფიშვილმა.

მისი თქმით, თეორიულად შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ფონდი "ქართუ" ბანკებს ესაუბრა და ვალები დაფარა, მაგრამ "შენ ვინ ხარ, პრემიერი? რატომ ახმოვანებ ამას? და რატომ იყენებ ახლა“.

ალაფიშვილის შეფასებით, ერთადერთი შვება ისაა, რომ სრულად ბიუჯეტიდან არ დაიფარება ეს ფული, თუმცა იურისტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება "ძალიან ცუდად დაუბრუნდება" .

"თავისი ფულია, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ ძალიან ძვირი უჯდება", - აღნიშნა ალაფიშვილმა.

ექსპერტი პრობლემას ხედავს თავად ვალების განულების მექანიზმშიც. მისი თქმით, ამ ფულის ბაზარზე მოხვედრა საფინანსო სექტორში პრობლემებს გამოიწვევს.

"ამ რაოდენობის თანხა ბაზარზე რომ გავა უცებ, ისიც ხომ დათვლილი უნდა იყოს. მილიარდ ნახევარი ორ კვირაში აღმოჩნდება ბრუნვაში. ალბათ ბანკებს ეტყვის ეროვნული ბანკი, რომ არ დახარჯოთო", - განაცხადა ალაფიშვილმა.

მისივე შეფასებით, ვალების განულების ინიციატივა, პასუხისმგებლობას კლავს. "მე რა დავაშავე, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ კრედიტი, იჭირვებენ და პატიოსნად ფარავენ. ხვალ რომ მე გამიჭირდეს, ხომ მივადგები ფონდ "ქართუს" და ვერც მეტყვის უარს. რას მიპასუხებს?!- ახლა არჩევნები არ არის და ამიტომ ვერ გადაგიხდითო? "ქართუ" ამ გადაწყვეტილებით ფაქტიურად დამთავრდა, როგორც ორგანიზაცია", - განაცხადა ალაფიშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები