მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის ინიციატივით დაწყებული პროგრამა "განახლებული რეგიონების" პირველი ეტაპი დასრულდა - ირაკლი ქარსელაძე

ირაკლი ღარიბაშვილი

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა "განახლებული რეგიონების" პირველი ეტაპი დასრულდა", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა. მინისტრის თქმით, 2022 წელს განხორციელებული პროექტების შედეგად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტი 101%-ით შეასრულა.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2021 წელს დაწყებული პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობითა და უწყებების აქტიური მონაწილეობით შერჩეულ მდებარეობებზე, მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია და პროგრამის მომდევნო ეტაპით გათვალისწინებული პროექტების განვითარება გრძელდება. პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო 100-მდე პარკი და სკვერი; რეაბილიტირებული და ახალი რეკრეაციული ზონების საერთო ფართობი 40 ჰა-ზე მეტია; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 730-ზე მეტ შენობას; 700-მდე შენობის რეაბილიტაცია ჩატარდა ენერგოეფექტური კომპონენტის გათვალისწინებით; აშენდა 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აბაშის რკინიგზის სადგურს; პროექტების ფარგლებში, მოეწყო სრულიად ახალი საინჟინრო ქსელები; რეკრეაციული სივრცეების სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფისათვის, ჯამში, 165,000 კვ/მ-ზე მოეწყო სანიაღვრე და საირიგაციო სისტემები; მოწესრიგდა 112 000 კვ/მ ტროტუარი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, გრძელდება ურბანული განახლების პროექტები დუშეთში, აბასთუმანში, ველისციხეში", - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ირაკლი ქარსელაძემ ყურადღება გაამახვილა ქალაქებისა და კურორტების განვითარებაზე. მისი თქმით, 11 მდებარეობაზე კონცეფცია მუშავდება.

"ცალკე აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის ახალი პროექტი ქალაქებისა და კურორტების განვითარება. პირველ ეტაპზე, 11 მდებარეობაა შერჩეული, სადაც უკვე მიმდინარეობს კონცეფციებზე მუშაობა, პირველი მონახაზები უკვე არსებობს. 5 წლის განმავლობაში, დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება", - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ირაკლი ქარსელაძე პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული, სადაც უწყების მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები