მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა დაათვალიერა "ჯარის ქალაქი", რომელსაც სახელმწიფო კომპანია უტენდეროდ აშენებს

627d16aaacaee
BM.GE
12.05.22 18:45
1777
“ჯარის ქალაქში" სამხედროებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელის 1 კვ/მ-ის ფასი დაახლოებით $200 იქნება - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, მახათას მთაზე “ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა.

ინფორმაციისთვის: 22,4-მილიონიან სამხედრო ქალაქს სახელმწიფო კომპანია "დელტა მშენებელი“ უტენდეროდ აშენებს.

მთავრობის მეთაური დეტალურად გაეცნო, თუ რა ეტაპზეა ქართველი სამხედროებისთვის მიმდინარე პროექტი. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს ჯარს და მათზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება.

“ჯარის ქალაქის” სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ და ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, ახალი პირობებით, 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 200 დოლარი იქნება და სამხედრო მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. უპრეცედენტო შეთავაზებას სამხედრო მოსამსახურეები დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.

პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ მიზნით, თავდაცვის კოდექსში შევა ცვლილებები, რომლის შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია მიიღებს ბინას, რაც სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საყოფაცხოვრებო პირობებს“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ 2019 წლის აპრილში დაანონსებული სამხედრო ქალაქის მშენებლობა იმ დროისთვის მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმავე წლის დეკემბერში განმეორებით დააანონსა. თავდაცვის სამინისტროში მაშინ აცხადებდნენ, რომ პროექტებს შორის ძალიან ბევრი არსებითი განსხვავებაა, მათ შორის რიცხვებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები