საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე მსხვილ ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებზე კომენტარი არ გააკეთა.
BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.
„ეს არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები; ეს არის წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესია, რომელიც მოდის "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ბელადის მხრიდან.
ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაცია და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანება. ეს არავის არ გამოუვა. მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მხრიდან, მათ შორის სახელწიფო უწყებებისგან გაკეთდა განცხადებები, რომელიც ასეთ დროს უნდა გაკეთებულიყო. აქ შეფასება ერთმნიშვნელოვანია. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, რა ამოძრავებს ამ დესტრუქციულ ძალას. მათ ამოძრავებთ ის, რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფოებრიობა და პრობლემები შეუქმნან ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
BAG-ის წევრ კომპანიებთან შეხვედრას პრემიერთან ერთად ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებიც ესწრებოდნენ.

























