საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, მის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თავდაცვის უწყების მიერ 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას. საუბარი შეეხო "საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" განხორციელების დინამიკას.
ყურადღება გამახვილდა 2023 წელს თავდაცვის გაზრდილ ბიუჯეტზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 260 მლნ ლარით გაიზარდა. ერთი მილიარდ 260 მლნ ლარი პროპორციულად გადანაწილდება ყველა მიმართულებაზე და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება. 2023 წლის პირველი იანვრიდან ყველა სამხედრო 20%-ით გაზრდილ ხელფასს იღებს.
თავდაცვის მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომლებიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება:
- გაგრძელდება ნატოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ასევე გაგრძელდება სამხედრო ავიაციის გაძლიერება და არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები;
- კვლავ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქართული სამხედრო მრეწველობის გასაძლიერებლად, კერძოდ, მოხდება დელტას სხვადასხვა მოდიფიკაციის სატრანსპორტო საშუალებებით ქართული ჯარის მომარაგება;
- აქტიურად გაგრძელდება მუშაობა გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების კუთხით. ამ ეტაპზე ქართულ-პოლონური საწარმო შპს „დელტა-ვებე” WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს. საწარმო შეძლებს წელიწადში ასეულობით დრონი აწარმოოს;
- გაგრძელდება თანამედროვე სტანდარტებით სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და განახლება.
სამუშაო თათბირზე ყურადღება დაეთმო ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს.
ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვის მიზნით გერმანიასთან და ესპანეთთან გაფორმებულია ხელშეკრულებები.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმდინარეობს ჯაველინების დამატებითი რაოდენობის შესყიდვის პროცესი.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვედურ კომპანიასთან Carl Gustaf-ის შესყიდვის მიზნით.
არაერთი ხელშეკრულებაა მიმდინარე და დასრულების პროცესში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიზნითაც:
• მოკლე მანძილზე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენის პროცესი დასრულებულია;
• მიმდინარეობს მოლაპარაკებები საშუალო, მოკლე მანძილზე და ზემოკლე მანძილზე მოქმედი საჰაერო სარაკეტო სისტემების შეძენაზე;
• ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემის შეძენის მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მახათას მთაზე მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის - „ჯარის ქალაქი - Army City” - ფარგლებში, 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას, რომლის შეძენაც მათ, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს.
2023 წელს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით იგეგმება თავდაცვის ახალი კოდექსის მიღება, რომელიც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, შექმნის შესაძლებლობებს ძლიერი რეზერვისთვის და გააუმჯობესებს სამხედროების სოციალურ პირობებს.
სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.