"მამუკა ბახტაძემ კარგად დაიწყო და ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ, რადგან ჩვენ ინტერესშია წარმატებული იყოს ხელისუფლება", - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა "ანალიტიკის" ეთერში განაცხადა. ბიზნესმენი ურჩევს ბახტაძეს, რომ მან უფრო აქტიური და თამამი გადაწყვეტილებები მიიღოს.
"ვფიქრობ ის ნაბიჯები, რაც მან გადადგა მისასალმებელია, ვურჩევდი უფრო აგრესიულად მოხდეს გარკვეული საკითხების გადაწყვეტა, ის ბიზნესები რაც შეიძლება ჩამოშორდეს სახელმწიფოს, უნდა ჩამოშორდეს, ასევე კარგი იქნება დეცენტრალიზაცია. ჩვენ გვინდა წარმატებული ადამიანები ადგილებზე, რაიონებში. ჩვენ გვინდა კარგი გუბერნატორები, წარმატებული გამგებლები, მათ იციან თავიანთი რაიონების სატკივარი და ძალიან ძნელია ცენტრიდან მართონ სიტუაცია. ასე, რომ კარგად დაიწყო ბახტაძემ და ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მას მხარს. ახალგაზრდა ადამიანია, იცის ჩვენი სატკივარი, ბიზნეს ასოციაციის წევრი იყო, ჯერ კიდევ როდესაც რკინიგზას მართავდა, ენაც საერთო გვაქვს და თუ არ იქნება პოლიტიკური წნეხი და გარედანაც თუ დავაცდით, მგონი მოახერხებს წარმატებული ნაბიჯები გადადგას" - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ლაშა პაპაშვილის თქმით, აღმასრულებელ გუნდს სიმშვიდე და მეტი საქმის კეთება სჭირდება, გარდა ამისა მთავრობა კაბინეტებიდან უნდა გამოვიდეს და ადგილზე ესაუბროს ბიზნესს, რადგან მეტი კავშირია საჭირო ბიზნესთან.
"ჩვენ ბიზნესმენები, მე და ჩემი მეგობრები, ვართ ელჩები ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად. თუ გვინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საზღვარგარეთიდან, ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ რიგში მოტივირებულები, რომ ჩავდოთ ამ ქვეყანაში ფული. ამისთვის კი მთავრობის სწრაფი გადაწყვეტილებები გვჭირდება. მინიმუმ 100-200 გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პრემიერ -მინისტრმა ყოველ დილით", - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

























