მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერმინისტრი ლარის კურსზე: ეს არის მოკლევადიანი და დროებითი, ყველაფერი დამშვიდდება

5d14e5237c887
სალომე მეცხვარიშვილი
27.06.19 19:46
1035
პრემიერმინისტრი ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს და სებ-ის განცხადებას ეთანხმება, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა დღეს გაავრცელა. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მედიის კითხვებს პასუხობს.

“სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა ეკონომიკაზე, ამასთან ბუნებრივია, ნეგატიურ მოლოდინებზე მნიშვნელოვნად აისახა პირდაპირი ფრენების აკრძალვა და შესაბამისად, ტურისტების კლება რუსეთდან. ამავე დროს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ საკითხებთან, რომელიც არის მოკლევადიანი და დროებითი. ეს ყველაფერი დამშვიდდება. ქვეყანა არის თავისი სტაბილური განვითარების კალაპოტში.

ამასთან, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკის მდგრადობას, არის საკმაოდ კარგ ნიშნულზე. ჩემი დასკვნა ასეთია, სამწუხაროდ, ამ პროცესებმა ნეგატიური დისონანსი შეიტანა ეკონომიკურ ცხოვრებაში, ამავე დროს მაკროეკონომიკური ფაქტორები არის საკმაოდ ჯანსაღი, შესაბამისად, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით.

ეს ნიშნავს, რომ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც შეგვექმნა და ამავე დროს უფრო ეფექტურად დავნერგოთ ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი”,- აცხადებს პრემიერი.

კითხვაზე, იღებს თუ არა ხელისუფლება ლარის კურსის მერყეობაზე პასუხისმგებლობას, ბახტაძე პასუხობს, რომ 20 ივნისის საღამოს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი, დილით განვითარებული მოვლენები კი იყო შეცდომა და ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები